ქუთაისში 123 საარჩევნო უბნიდან ადაპტირებული მხოლოდ 23 უბანია

ქუთაისის ნომერ 59-ე საარჩევნო ოლქში 123 საარჩევნო უბანია. საარჩევნო ოლქის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ადაპტირებულია მხოლოდ 23 უბანი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის  მხოლოდ პანდუსი  24 უბანშია მოწყობილი. 

უმეტეს შემთხვევაში ადაპტირებულად ძირითადად შენობის პირველ სართულზე მიშენებული პანდუსი ითვლება, სხვა ინფრასტრუქტურა თითქმის არ არსებობს.
ქუთაისში საარჩევნო უბნები ძირითადად სკოლებსა და ბაღებშია განთავსებული.  მოქმედი 38 სკოლიდან პანდუსი  მხოლოდ 18 სკოლაშია, ასევე არასტანდარტულია  5 სკოლაში.

ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ხელმძღვანელის ბადრი ვაშაკიძის ინფორმაციით, პანდუსი არის ყველა იმ სკოლაში, სადაც სწავლობენ,   შშმ პირები და არის ისეთი სკოლებიც, სადაც  არ არიან მსგავსი საჭიროების მქონე მოსწავლეები.

შენობებზე პანდუსების მოწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის პრეროგატივაა. მერია წლის განმავლობაში განცხადების მიხედვით,  რამდენიმე ტენდერს აცხადებს. გასულ წელსაც, საარჩევნო უბნებში შშმ პირთათვის გადაადგილების გასამარტივებლად რამდენჯერმე გამოცხადდა ტენდერი.
პირველ ჯერზე,  ტენდერი შემსრულებელი კომპანიის მიზეზით ჩაიშალა და მერიამ  9 184 ლარიანი ტენდერი განმეორებით გამოაცხადა.  პანდუსი რვა სკოლაში უნდა დამონტაჟებულიყო. კომპანიის მიერ ხელშეკრულების დარღვევის გამო, საარჩევნოდ სკოლებზე პანდუსების მოწყობა ვერ მოესწრო.

მერიაში განმარტავენ, რომ წელს ამ დროისთვის პანდუსების დასამონტაჟებლად ტენდერი არ არის გამოცხადებული, რადგან ტენდერის გამოცხადებისთვის საკმარისი განცხადებების მიღებას ელოდებიან.

თუმცა პანდუსების მოწყობა  სათანადო საარჩევნო გარემოს შესაქმნელად საკმარისი არ არის. გასული წლის არჩევნებზე პრობლემა შეიქმნა ერთ-ერთ უბანზე, სადაც პანდუსი მოწყობილი იყო.

„შშმ პირი თუ მოვა არჩევნებზე, დაგვიძახებს, გავიქცევით და გავუღებთ“, -განაცხადა #22 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ. უბანი #8 საჯაროს სკოლაშია განთავსებული, რომელსაც ეზოში შესასვლელი ორი ჭიშკარი აქვს. ერთი ჭიშკარი, რომლითაც ამომრჩევლები სარგებლობენ, ეზოს კიბით უკავშირდება, მეორე კი, დაკეტილი ქონდათ, ამიტომაც   ეზოში შშმ პირების გადაადგილება შეუძლებელი იყო. კითხვაზე, როგორ მოახერხებენ შშმ პირების მომსახურებას, კომისიის თავმჯდომარე პასუხობდა: „არ გვყავს მსგავსი ამომრჩეველი, მაგრამ თუ მოვიდა ვინმე, დაგვიძახებს, გავიქცევით და გავუღებთ კარს“.

ამ მდგომარეობის გამო, ამომრჩევლებს, რომლებსაც გადაადგილების პრობლემა აქვთ, ურჩევიათ გადასატანი ყუთით ისარგებლონ.

გარდა ამომრჩევლებისა, პრობლემა ექმნებათ იმ პირებს, რომლებიც საარჩევნო კომისიებსა და სადამკვირებლო ორგანიზაციებში ცდილობენ ჩართვას. სწორედ, არაადაპტირებული გარემოა მიზეზი, რომ საარჩევნო კომისიებში შშმ პირები არ მონაწილეობენ. საარჩევნო ოლქში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირებს განაცხადი კონკურსში მონაწილეობისთვის არ შეუტანიათ.

ქეთი ჩიხლაძე  ქუთაისში მცხოვრები აქტიური შშმ პირია. ქეთი ერთ-ერთია იმ პირთაგან, რომელიც საარჩევნო პროცესებში  არის ჩართული. სახალხო დამცველი აპარატის თანამშრომელი და ჟურნალისტი- ქეთი ჩიხლაძე გასულ წელს საარჩევნო კომისიაში მონაწილეობდა. როგორც ის ამბობს, მისი უბანი 37 სკოლაში იყო განთავსებული და ყველა საჭირო სერვისი არსებობდა, თუმცა ადასტურებს, რომ არაადაპტირებული უბნების პრობლემა ქალაქში აქტიურად დგას, რის გამოც, შშმ პირები  ერიდებიან ქალაქში მოძრაობას.

„ჩემი საარჩევნო უბანი ადაპტირებულია და მე მუშაობის დროს პრობლემა არ შემქმნია, მაგრამ, როგორც ვიცი, ყველა უბანი არაა ადაპტირებული, ამიტომ შშმ პირები არჩევნებზე მისვლას გადასატანი ყუთით სარგებლობას ამჯობინებენ. ზოგჯერ არის ისე, რომ შენობას აქვს პანდუსი, მაგრამ საარჩევნო ყუთი განთავსებულია მეორე სართულზე, ამიტომ ეს ადამიანები ვერ ახერხებენ არჩევნებში მონაწილეობას. კარგი იქნება, თუ ეს მდგომარეობა გამოსწორდება, არამარტო საარჩევნო უბნებში, ან ბაღებში, არამედ მთელ ქალაქში“-განაცხადა ქეთი ჩიხლაძემ .

არასათანადო გარემოს არსებობის და  საზოგადოების არასწორი მიდგომების გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებასთან ინტეგრაცია პრობლემურია. საზოგადოების დამოკიდებულების გამო, ეს ადამიანები ქუჩაში გამოსვლას ერიდებიან. ამიტომ ზუსტი მონაცემები თუ ამ დროისთვის რამდენი შშმ პირია ქუთაისში, არ მოიპოვება.

ნესტან ჩაგელიშვილი

ახალი გაზეთი

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east