შშმ პირებისთვის ადაპტირებული უბნები კახეთის მაჟორიტარულ ოლქებში

36 წლის ნათია ბერძენიშვილი დაბადებიდან  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირია. „ხელი ხელს“- ასე ჰქვია გურჯაანში მდებარე საოჯახო სათემო ტიპის სახლს, სადაც ის დაახლოებით ხუთი წელია ცხოვრობს.

როგორც თვითონ ამბობს, მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გრძნობს, ამიტომ ყოველ არჩევნებზე  სასურველი კანდიდატისა თუ პარტიის სასარგებლოდ აკეთებს არჩევანს.

-„რამდენჯერმე მოვითხოვე ყუთი სახლში მოეტანათ, მაგრამ უარი მივიღე. ამიტომ მე თვითონ გურჯაანის #3 საჯარო სკოლაში რომ უბანია, იქამდე მივიდი.  შარშან,  ბიჭებს ვთხოვე დახმარება და კიბეებზე მათ ამიყვანეს. პანდუსი კი არის, მაგრამ ისეა გაკეთებული, სხვისი დახმარების გარეშე ვერ ვისარგებლებ. ჩემნაირად ბევრი ადამიანია, კარგი იქნება თუ გაითვალისწინებენ ჩვენს მდგომარეობას. ვფიქრობ, არჩევნებში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რადგან თითოეული ხმა მნიშვნელოვანია. როცა არჩევნებზე მივდივარ, იმედი მაქვს, ვისაც ვირჩევ, ის მაინც შეძლებს რაღაც შეცვალოს და ჩემთვის ადაპტირებული გარემო შექმნას, მაგრამ სულ ტყუილად, იმედგაცრუება დიდია.“

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი. მის შემადგენლობაში შედიან: ცესკოს წევრები, სტრუქტურული ერთეულების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

შშმ პირთა მიმართ განსახორციელებელი საქმიანობები გათვალისწინებულია ცესკო-ს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში.

საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით, 2015 წელს ცესკო-ს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს (მერია), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ხელმომწერმა ინსტიტუციებმა აიღეს ვალდებულებები, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ  ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მაქსიმალურ ხელშეწყობას. შეასრულებენ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნას, რომელიც   საარჩევნო უბნის მოსაწყობად, ყველა ამომრჩევლისთვის  ხელმისაწვდომ შენობა-ნაგებობას ითვალისწინებს.  ასეთი შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში კი, ზემოთ აღნიშნულ უწყებებს  კენჭისყრის დღისთვის ადაპტირების ვალდებულება გააჩნიათ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შშმ ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღეს ხელმისაწვდომია:

-უსინათლო ამომრჩევლებისთვის – ყველა საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო;

-მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის – ყველა საარჩევნო უბანზე ორი ცალი გამადიდებელი ლინზა;

-ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის – ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე სპეციალური ხმის მიცემის კაბინები;

-ყრუ ამომრჩევლებისთვის – ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი.

კახეთის საოლქო კომისიებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, ირკვევა, რომ ლაგოდეხის მაჟორიტრარულ ოლქში ადაპტირებული 11 უბანია (3 პანდუსი და 8 მარტივი ადაპტაცია), სიღნაღში 12 (5 პანდუსი და 7 მარტივი ადაპტაცია), გურჯაანში- 23 (11 პანდუსი და 12 მარტივი ადაპტაცია), საგარეჯოში 7 (2 პანდუსი და 5 მარტივი ადაპტაცია), დედოფლისწყაროში-8 (3 პანდუსი და 5 მარტივი ადაპტაცია), ყვარელში 9 (7 პანდუსი და 2 მარტივი ადაპტაცია), თელავში 17 (5 პანდუსი და 12 მარტივი ადაპტაცია),ახმეტაში-21(4 პანდუსი და 17 მარტივი ადაპტაცია)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადაპტირებული უბნების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, თუკი 2012  წელს ასეთი სულ 102 იყო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეს რიცხვი 1115-ს შეადგენდა.

ცესკოს ცნობითვე, იმ შემთხვევაში თუ ეტლით მოსარგებლე და ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლები, მიმართავენ საარჩევნო ადმინისტრაციას, ზოგიერთ უბანზე შესაძლებელი იქნება პორტატული (მოძრავი) პანდუსის განთავსება.

თამარ კაპანაძე

სპექტრი

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east