„რა პრობლემების მოგვარება მოუწევთ მომავალ მერებს ქობულეთსა და ხელვაჩაურში?!“

2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება, სწორედ ამ დღეს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ადგილობრივმა მოსახლეობამ 

თავისი შემდგომი ოთხწლიანი ბედი ახალ წარმომადგენლობით ორგანოს უნდა ანდოს და პარალელურად მუნიციპალიტეტების თავკაცები ანუ ახალი ტერმინით – მერები უნდა აირჩიოს. ამ არჩევნების მნიშვნელობაზე საუბარი ალბათ ზედმეტი იქნება, რადგან თითოეულ მოქალაქეს აქვს გათვითცნობიერებული, რომ ძლიერი რეგიონია სწორედ ძლიერი ქვეყნის საწინდარი, ამიტომაც არ არის გასაკვირი თუ ხშირად ისმის მძაფრი კრიტიკა პოლიტიკური სუბიექტების მიერ შეთავაზებული საარჩევნო სიების, მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატების ირგვლივ. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საარჩევნო მარათონში, ისე როგორც ახლახან გამართულ საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე მკვეთრ ფერებში ისევ და ისევ „შუა გაკრეფილი“ ორი პარტია – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“ გამოხატული, მათ მოსდევს „პატრიოტთა ალიანსი“ და შემდეგ მეტ ნაკლებად სხვა დანარჩენი…

უმუშევრობა, ეკონომიკური სიდუხჭირე, ვერგადახდილი იპოთეკური ვალები, გაზიფიცირება, წყალგაყვანილობა, შიდა სასოფლო გზები, ჩაშლილი მიწის რეფორმა და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა – ეს იმ პრობლემათა მოკლე ჩამონათვალია, რომელზეც ჩვენთან საუბარში ქობულეთელი და ხელვაჩაურელი ამომრჩეველი აკეთებს აქცენტებს, ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია რას ფიქრობენ მერობის კანდიდატები, რა არის უმთავრესი პრობლემა იმ მუნიციპალიტეტში სადაც ისინი კენჭს იყრიან და როგორ ხედავენ მათი გადაჭრის გზებს? გთავაზობთ რამდენიმე კანდიდატის ხედვას:

მირიან ქათამაძე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის მერობის კანდიდატი:

– დღესდღეობით ქობულეთისთვის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა  შეუზღუდავი წყალმომარაგება. ამ მიმართულებით ბოლო წლებში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა,  2016 წლიდან კი შეიქმნა ორგანიზაცია- „აჭარის წყლის ალიანსი“, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ჩაერთო პრობლემის სრულ მოგვარებაში და ამისათვის ქობულეთის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ 22 ათასი ლარი იქნება საწევრო გადასახადი.

მუნიციპალიტეტში ეკონომიკის წამყვანი დარგია ტურიზმი. საზღვაო ტურიზმის მეტად განვითარებისთვის აუცილებლ ფაქტორად მივიჩნევ ინფრასტრუქტურის განვითარებას, ზღვისპირა ზოლის დასუფთავებასა და კეთილმოწყობას. სეზონურობის გაზრდის თვალსაზრისით, განსავითარებელია ეკოტურიზმი; საჭიროა რეკრეაციული ზონებისათვის მეტი ყურადღების დათმობა, სამკურნალო ტურიზმის განვითარება. მნიშვნელოვნად მივიჩნევ სოფლის მეურნეობის და ამასთან ერთად, სოფლად ტურიზმის განვითარებისთვის ხელშეწყობას.

ძალიან დიდი პრობლემაა იპოთეკარების თემა, ტურისტული ბიზნესით დაკავებული ის ადამიანები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალდნენ და აღებული სესხები ვერ გადაიხადეს, დღემდე იბრძვიან საკუთარი ოჯახების გადასარჩენად, მე, ჩემს გუნდთან ერთად ვეცდები სამართლებრივ დონეზე მოხდეს ამ პრობლემის შესწავლა და შეძლებისდაგვარად მისი გადაწყვეტა.

სასოფლო-სამეურნეო მიწების დარეგისტრირება მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, რომლის გადაჭრის მექანიზმის შესამუშავებლად ვიმუშავებ მუნიციპალიტეტში ჩემს გუნდთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის წარსადგენად პარლამენტში.

თითქმის ყველა სოფელში დგას შიდა გზების კეთილმოწყობის საკითხი, რომელიც   ერთ ერთი პრიორიტეტი იქნება 2018 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში.

ჯუმბერ ვარდმანიძე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი:

– ჩვენი მუნიციპალიტეტის უმთავრესი პრობლემაა წყალმომარაგება, გზების კეთილმოწყობა; ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა გადავწყვიტოთ ეს პრობლემები, ასევე ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, ვაპირებ საფუძვლიანად მივხედო მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარებას. ჩემი ძირითადი პრიორიტეტები იქნება სოციალური დაცვა, ჯანმრთელობა, სხვა ყოფითი პრობლემები, რომელიც გააჩნია ჩვენს მოსახლეობას.

თემურ დუმბაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი:

– ძირითადად ჩვენი პრობლემებია საკითხები, რაც  2012 წლამდე  დაგვრჩა მოსაგვარებელი, უმთავრესი კი, გახლავთ გზების  პრობლემა, რის წინაშეც დგას ჩვენი მუნიციპალიტეტი, არც ერთი ხელვაჩაურელი ოჯახი არ დარჩება გზის, წყლისა და გაზიფიცირების გარეშე. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში,  მინიმუმ 2 წელი დამჭირდება ამ პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა კი, ეს ყველაფერი ჯერ კიდევ 2015 წელს უნდა დამთავრებულიყო.

ასევე მოსაგვარებელია მიწის პრობლემა, იცით რომ ხელვაჩაურში არ არის ჩატარებული მიწის რეფორმა.  არის უმუშევრობის პრობლემა, ამიტომ ბიუჯეტით უნდა მოხდეს მცირე ბიზნესის სტიმულირება, უნდა დავეხმაროთ ინდმეწარმეებს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში, რათა დასაქმდეს ბევრი ადამინი და მოიხსნას უმუშევრობის პრობლემა. ცნობილია, რომ ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადადის თურქეთში სამუშაოდ და ამ გზით ახერხებს ოჯახის შენახვას, ამას წერტილი უნდა დაესვას და ჩვენი ადამიანური რესურსები ადგილზევე  დაიხარჯოს.

მერაბ ბლადაძე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ქობულეთის მერობის კანდიდატი:

– ქობულეთში უამრავი პრობლემაა და ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო თუნდაც ერთი მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარება: სოფლის მეურნეობა, მიწის პრივატიზაცია, ქალაქის  ინფრასტრუქტურა, ნაპირსამაგრი სამუშაოები, ჩაქვში გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა, იპოთეკართა თემა.

საჭიროა ამ პრობლემების გამომწვევი მიზეზების შესწავლა და კომპლექსური გადაწყეტა, პრიორიტეტების  განსაზღვრა.

ჩემი მერობის შემთხვევაში ვაპირებ მსოფლიოში ცნობილი ქართველი ეკონომისტების  მოწვევას, ქობულეთის სტრატეგიული განვითარების პოლიტიკის განსაზღვრას, პრიორიტეტების  დასახვას, ინვესტიციებისათვის ღია პოლიტიკის გატარებას, რაც ხელს შეუწყობს  ქობულეთის ეკონომიკის გამოცოცხლებას და ქობულეთელთა  ყოველდღიურობის  გაუმჯობესებას. ეს შესაძლებელია და  შედეგიც მყისიერი იქნება.

მალხაზ მხეიძე, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი:

–   ხალხის პრობლემა პირველ რიგში არის სამართლიანობის აღდგენა, თუმცა დღემდე მხოლოდ დაპირებებს ვისმენთ… პოლიტიკური დაპირება, ეკონომიკური დაპირება, სოციალური დაპირება, მაგრამ არჩევნებიდან არჩევნებამდე საქმე დაპირებებს იქით ვერ მიდის… აი, მაგალითად: სადამდე მიგვიყვანა სუბსიდიების არარსებობამ, აზიური ხოჭო – ფაროსანა შემოესია რაიონს და გაანადგურა მოსავალი, მოსახლეობა დარჩა სარჩო-საბადებლის გარეშე, ეს პრობლემა ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა ჩვენს ხალხს, რომელიც არანაირად დაცული არ არის ამგვარი მოულოდნელობებისაგან. უნდა იყოს სუბსიდირება, რათა მოსახლეობამ დროულად მოახერხოს შხამ-ქიმიკატების შეძენა და პრობლემის გადაჭრა. ასევე უნდა მოგვარდეს სოციალურ-ეკონომიური პრობლემა, დასაქმდნენ ადამიანები, რადგან ისინი გადადიან მეზობელ ქვეყანაში და იქ ეძებენ სამუშაოს, შემოსავლის წყაროს. ეს პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს.

გულიკო კალანდაძე

აჭარა P.S.

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east