თბილისიდან რომ არ მოგვეწვია გამგებელი, ხარაგაულში ხალხი დალია?!

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება. რა მოლოდინები აქვს ამომრჩეველს, აქვს თუ არა გადაწყვეტილი, ვის დაუჭიროს მხარი და კონკრეტულად რა უნდა 

გააკეთონ მომავალმა დეპუტატებმა საიმისოდ, რომ ხარაგაულელთა ყოფა-ცხოვრება გაუმჯობესდეს, – ამ შეკითხვებით ხარაგაულელ ამომრჩევლებს მივმართეთ. 

შოთა გოლუბიანი, ეკოლოგი:-თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მივიღო, მაგრამ, ჯერჯერობით, ჩემთვის რჩეული კანდიდატი არ ჩანს. ხმა ვის მივცე, იმის მიხედვით გადავწყვეტ, ვის რა ხედვები ექნება და როგორ პროგრამას წარმოადგენს. სამწუხაროდ, ხარაგაულის რეალობაში, ჯერ პროგრამა არავის წარმოუდგენია. წინასაარჩევნო კამპანია, ძირითადად, პიროვნებების წარდგენითა და ზოგადი საუბრით მიმდინარეობს.

რამდენად მაქვს იმედი, რომ რამე შეიცვლება? მინდა, ცვლილების იმედი მქონდეს. საუბედუროდ, ხარაგაულის რეალობაში წრეა, რომელიც არ ირღვევა. ყველა არჩევნები ერთმანეთს ჰგავს. არც კანდიდატები იცვლებიან, არც წინასაარჩევნო კამპანია და არც არჩევნების შემდგომიპერიოდი.

არჩევნების პერიოდში ინფრასტრუქტურული პროექტების სიმრავლეა. სამთავრობო კანდიდატების მხრიდან ეს სახელისუფლებო რესურსის გამოყენებაა. სანამ კანდიდატები ხალხის რეალურ პრობლემებს არ მოისმენენ, შემდეგ ყველაფერს პროგრამაში არ გაწერენ და მომავალი ოთხი წლის მანძილზე პროგრამის მიხედვით არ იმოქმედებენ, ისევ ჩაკეტილ  წრეზე ვიტრიალებთ.

კანდიდატები ყოველ არჩევნებზე მოსახლეობას დაპირებებს საკუთარი შეხედულებით აძლევენ. რაც ყველაზე ცუდია, ამ დაპირებებს ჰაერზე იძლევიან და ფურცელზე არ გადააქვთ. ჰაერზე ნათქვამი სიტყვა კი ჰაერსვე მიჰყვება და შედეგი არ მოაქვს.

ჩემი აზრით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ არსებული ფულადი და ადამიანური რესურსები სწორად უნდა გამოიყენოს, მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი შეადგინოს და დაფინანსება მოითხოვოს. გარე რესურსების მოძიება ძალიან მნიშვნელოვანია.

ვეფხვია ღონღაძე, ინჟინერი: -არჩევნებში, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებ. თუმცა, ჯერ არ გადამიწყვეტია, ხმას ვის მივცემ. პროცესებს ინტერესით ვაკვირდები. ჩემს სოფელში წარდგენილი მაჟორიტარობის არცერთი კანდიდატი არ მომწონს და არ გამოვრიცხავ, რომ ყველა გადავხაზო. რადიკალურად  რამე რომ შეიცვალოს, ამას ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკური ნება სჭირდება. დიდი იმედი არ მაქვს, რომ რაღაც უკეთესობისკენ  შეიცვლება. ნეტავ, ვცდებოდე…

თვითმმართველობის დღევანდელი მოდელი არ მომწონს. სოფელს არჩეული ხელმძღვანელი უნდა მართავდეს და სოფლის თვითმმართველობას საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს. დღეს გამგებლის წარმომადგენლებს ბეჭედიც არ აქვთ. სოციალური შემწეობის დანიშვნის დროს სოფლის რწმუნებულსა და დეპუტატს აზრს უნდა ეკითხებოდნენ.

ყველა არჩევნების დროს ასე ხდება – მთავრობა ირჩევს ერთგულ და არარეიტინგულ კანდიდატს იმიტომ, რომ მერე უთხრას, – ჩემი მხარდაჭერის გარეშე ვერ გაიმარჯვებდი და ახლა როგორც მე გეტყვი, ისე უნდა მოიქცეო. ექსპერიმენტი ჩაატარონ – დამოუკიდებელ კანდიდატად აყრევინონ კენჭი სახელისუფლებო კანდიდატებს და ვნახოთ, თუ გაიმარჯვებენ. აქედან გამომდინარე, ის კანდიდატი არჩეული კი არა, დანიშნული გამოდის და ხმას ვეღარ იღებს. ეტყვიან – აწიე ხელი, აწევს; არ ეტყვიან, – არ აწევს.

„მოქალაქეთა კავშირი“,  რომ იყო მმართველი პარტია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ვერ ერეოდა. გინდა თუ არ გინდა, სამთავრობო კანდიდატს მიეცი ხმაო,- ეს არ იკვეთებოდა და რეალური არჩევანი კეთდებოდა. ახლა ძალიან ძნელია სამთავრობო გუნდთან ჭიდილი. რომც გაიმარჯვო, შესაძლოა, სოფელს აღარაფერი გაუკეთონ, არასახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი რომ აირჩია.

 ლია გიორგაძე, ექთანი:-ვალდებული ვარ, არჩევნებზე აუცილებლად მივიდე. გადაწყვეტილი მაქვს, მხარი ვის უნდა დავუჭირო. ეს გადაწყვეტილება წლების განმავლობაში ჩამომიყალიბდა. ამ ბოლო ოთხი წლის მანძილზე მივედი იმ დასკვნამდე, რასაც 21 ოქტომბერს დავაფიქსირებ.

ცვლილებას არ ველოდები. ძალიან მინდა, რომ კარგს ველოდე, თუმცა…

ჯერ თვითონ უნდა შეიცვალონ საკრებულოს წევრები. ერთხელ ხარაგაულის მერობის კანდიდატ ნიკო თოფურიძეზე თქვეს, კარგი კაციაო. მე ვთქვი, – კი ბატონო, კარგი კაცია, განათლებული, კარგი სიტყვა-პასუხი იცის, ინტელიგენტია, მაგრამ ხარაგაულში უამრავი კარგი კაცია. თბილისიდან რომ არ მოგვეწვია გამგებელი, ხარაგაულში ხალხი დალია? ბევრი საუკეთესო ხარაგაულელი გვყავს აქ, ადგილზე.

ჯერ თავად დეპუტატები უნდა ჩამოყალიბდნენ რა უნდათ, რისთვის უნდა ავირჩიოთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საკუთარი უფლებამოსილების შესახებ დეპუტატობის კანდიდატებმა ბევრი არაფერი იციან. მათ სახეებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რა შეიძლება რომ შეცვალონ – არაფერი.

საკრებულომ, შესაძლოა, მოსახლეობის ყველა მოთხოვნა ვერ გაითვალისწინოს, მაგრამ რაც მისი ვალდებულებაა, იმ პრობლემების მოგვარებაზე უნდა იზრუნოს. როგორც კონსტანტინე გამსახურდია ამბობს – მეფე ხარ და გმართებს!

ხვალინდელი დღით ვცოცხლობ. მინდა, რომ ხარაგაულელების სახეებზე ღიმილი დაბრუნდეს.

 ცისანა ფანცულაია, აგრონომი:-ცოცხალი რომ ხარ, არჩევნებში აუცილებლად უნდა მონაწილეობდე, მაგრამ რომ იცი, ადამიანი არაფრის შემქმნელი და არაფრის გამკეთებელია, მასზე ხმის მიცემა გენანება.

ადგილობრივი არჩევნების დროს კანდიდატის პარტიულობას ყურადღებას ნაკლებად ვაქცევ. ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი განათლება და საზოგადოებრივი ავტორიტეტი.

ახალარჩეულმა თვითმმართველობამ უმთავრესად სოფლის მეურნეობის განვითარებაზე უნდა იზრუნოს. სოფელი დაცარიელდა. კარგია, სოფლებში საბავშვო ბაღებს რომ ხსნიან, მაგრამ ხუთი ბავშვის დაბადება და ოცი ადამიანის გარდაცვალება რომ ფიქსირდება, სოფელი რომ ახალგაზრდებისგან დაიცალა, ეს ხომ უნდა გააანალიზო?! ხარაგაულში ზონების მიხედვით შესაძლებელია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების – მევენახეობის, მეფუტკრეობის, მეფრინველეობის, მეცხოველეობის ხელშეწყობა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ ამ კუთხით პროგრამები უნდა დააფინანსოს. მერე ხარაგაულიდან წასული სპეციალისტებიც დაბრუნდებიან, თუ ხელშეწყობა ექნებათ.

არაფერი შეიცვლება, თუ დეპუტატებმა ერთმანეთის გონივრული მოსაზრებები არ გაიზიარეს.

გადავხედოთ, რა მატერიალური დოვლათი შეიქმნა, რა გაკეთდა ახალი ხარაგაულში ბოლო 25 წელიწადში? სამწუხაროდ, – არაფერი.

 ნინო კაპანაძე

გაზეთი „ჩემი იმერეთი“

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east