ორი რამ, რაც პარტიების დაპირებებიდან ქუთაისელებს ახსოვთ

,,არ მახსოვს, როდესმე პარტიის პროგრამა წამეკითხოს, არჩევანს ყოველთვის ჩემი დამოკიდებულებით ვაკეთებ, ზოგადი წარმოდგენები რაც მაქვს.  ეს პროგრამები ფარატინა ფურცლებია და სხვა არაფერი. იმიტომ, რომ არა მგონია, რომელიმე პარტიას ღრმა კვლევა 

ჩაეტარებინოს, რეალურად რა საჭირეობები აქვს რომელიმე ქალაქს, არც პრობლემის გადაჭრის გზებზე ემუშაოთ.  უბრალოდ, პროგრამებით ისინი ეჭიდავებიან ერთმანეთს.. არჩევნების შემდეგ ყოველთვის სხვა რეალობაა, თვითონ პარტიებიც აღარ კითხულობენ ამ პროგრამებს“ – ამბობს სოფია ონიანი.  რომელიც 21 ოქტომბერს არჩევანს ვის სასარგებლოდ გააკეთებს, ჯერ არი იცის.  არ იცის, რა განაპირობებს მის არჩევანს, თუმცა, შინ დარჩენას მაინც არ აპირებს.

ქუთაისის მერობისთვის ათი სხვადასახვა პარტისაა თუ საარჩევნო ბლოკის კანდიდატი იბრძოლებს. ყველა მათგანის საარჩევნო პროგრამას ერთი მთავარი საერთო აქვთ,  ყველანი ცალ-ცალკე სხვადასხვა სიტყვებით ერთიდაიმავეს ამობენ:  – ჩემი მერად მოსვლის შემთხვევაში, ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემა მოგვარდება.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები ყველაზე უკეთ ქუთაისელებმა იციან, თუმცა ამ პრობლემებს საარჩევნო პროგრამებში არ ეძებენ. ისინი  პარტიების საარჩევნო პროგრამებს თითქმის არ იცნობენ, იცნობენ კანდიდატებს – ყველას არა, მხოლოდ ფრაგმენტულად, ან უბრალოდ ,,იციან“, რა ნომერი უნდა შემოხაზონ.  ამ ,,შემოხაზვის“ ან გადახაზვის  უკან, ან ნიჰილიზმია, ან –  ნაცნობ–მეგობრობა, ან ,,ხათრი–რიდი“, ან  უამრავი ან… სამწუხაროდ, იშვიათია  გააზრებული და გაცნობიერებული არჩევანი.  არჩევანი, რომელიც საარჩევნო პროგრამის სიმპათიით კეთდება.

პარტიების შეთავაზებებს და კანდიდატებს ძირითადად ტელევიზიით იცნობენ, თუმცა  უფრო კარგად თბილისის კანდიდატებს, ვიდრე – ადგილობრივებს.

რაც შეეხება პარტიული პროგრამებიდან, ქუთაისელებს ყველაზე მეტად ორ ძირითადი საკითხი ახსოვთ – ქალაქის სტატუსი და 24-საათიანი წყალმომარაგება.

მომავლის ქალაქი, ევროპული ქალაქი, საგანამანათლებლო ცენტრი – ეს ქუთაისის სამომავლო პერსპექტივებია, რომლებიც პარტიათა პროგრამებშია წარმოდგენილი.

არის თუ არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქალაქის სტატუსი თავად ქუთაისელებისთვის?

,,რა თქმა უნდა, არის, ჩვენთვის კი არა, ქალაქისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ რამე სტატუსი, ფუნქცია ჰქონდეს, უფუნქციოდ დარჩენილი  ან ფაქტობრივად ფუნქციური ქალაქი ვერ იცოცხლებს. მაგრამ არ მგონია, ეს საკითხი მერის კომპეტენცია იყოს. რა ვიცი, შეიძლება ვცდები. “ – ამბობს ლია ციბაძე.

,,კარგ ქალაქში უნდა ვიცხოვროთ, ცალკე ვერც ქუთაისი განვითარდება და ვერც –  ფოთი, საქართველო უნდა განვითარდეს და მოგვარდეს ყველა ქალაქში არსებული საერთო პრობლემები. ყველა არჩევნებზე მოქალქეებს ძირითადად სოციალური მოთხოვნები აქვთ, სამუშაო ადგილები, პენსიები. შეხვედრებზე კი გვპირდებიან ასე ვიზამთ, ისე ვიზამთო, მაგრამ მერე ყველაფერი ავიწყდებათ. “ – გვითხრა ციალა ბარამიძემ.

ირმა ჩიხლაძის აზრით, ,,ქალაქის სტატუსი მნიშვნელოვანია, ამაზეა დამოკიდებული ქალაქის განვითარება, გრძელვადიანი პერსპექტივა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთჯერადი სოციალური პროგრამები, რომელიც იქნება და მერე აღარ იქნება.“

კიდევ ერთი საკითხი, რაც პარტათა საარჩევნო პროგრამაში აქტუალურია, ქუთაისის 24-საათიანი წყალმომარაგებაა. საარჩევნო სლოგანი „24 საათიანი წყალი ქუთაისს“ – 10 წელზე მეტია, ცოცხლობს და აქტუალობას არ კარგავს.

,,24 -საათიან წყალს გვპირდებიან რაც თავი მახსოვს, ნაცებიც ამას გვპირდებოდნენ და ესენიც, სხვა პარტიებიც. რა გახდა ეს წყალი ამ ქუთაისისთვის. სირცხვილია, 21-ე საუკუნეში წყალი გექნებათო, იმას რომ გვამადლიან“ – ამბობს ალექსანდრე ალფაიძე.

მაკა ჩინიჯიშვილი

მედიასახლი P.S.  („პოსტსკრიპტუმი“)

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east