დაპირება დაპირებად რჩება- რას ამობენ გურჯაანელები კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამაზე

არჩევნებამდე ორი კვირა რჩება. გურჯაანში წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. მმართველი გუნდისა თუ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამომრჩეველს ყოველდღე ხვდებიან.

#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქში მერობისთვის 10 კანდიდატი იბრძვის. სოციალური ფონის გაუმჯობესება, პენსიის გაზრდა, ყურძნისა და ატმის რეალიზაციის საკითხის გადაჭრა, წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება, ბანკში აღებული სესხების დაფარვაში დახმარება- ეს იმ  დაპირებების არასრული ჩამონათვალია, რომელზეც მედიასთან პოლიტიკური პარტიების კანდიდატები საუბრობენ.

ამის მიუხედავად, ჩვენს მიერ გამოკითხული რესპონდეტენტების უმრავლესობა არ იცნობს კანდიდატებისა თუ პარტიების წინასაარჩევნო პროგრამას, ვინც იცნობს კი, ნიჰილისტურად არის განწყობილი და დაპირებების აღარ სჯერა.

გამოკითხვის შედეგები ასეთია:

ალექსანდრე შანყულაშვილი.-„არც ერთი კანდიდატის პროგრამას არ ვიცნობ. ამით არც დავინტერესებულვარ, იმიტომ რომ არავისი აღარ მჯერა. „ქართული ოცნება“ რომ მოდიოდა, მაშინ გავეცანი პროგრამას, მიხაროდა, რაღაცას შეცვლიდნენ, მაგრამ სულ ტყუილად. ყველა გვპირდება, რომ რაღაცას გააკეთებს- თუ გაიმარჯვებს, დაპირება  დაპირებად რჩება.“

დემურ დარჩიაშვილი-„რა აზრი აქვს ამ პროგრამას?! მაინც არაფერს ასრულებენ, მხოლოდ დაპირება იციან. მაგრამ მაინც მგონია, რომ ჯობია, რას გვთავაზობენ გავიგოთ და ისე მივიღოთ გადაწყვეტილება. პოლიტიკური პარტიების მიმართ ხალხში უნდობლობაა და მათი ხედვები ნაკლებადღა გვაინტერესებს. ახლაც რომელიღაც კანდიდატების წარმომადგენლები იყვნენ უბანში, ბროშურები  დაარიგეს, ზოგს გაევცანი ზოგს არა.“

ნუნუ ყალაბეგაშვილი- „მხოლოდ დაპირება იციან, კარგი იქნება, იმის ნახევარი მაინც რომ შეასრულონ. ძალიან უჭირს ჩვენს მოსახლეობას, ეს კანიდატებისთვისაც ხომ ცნობილია, ასე რომ ხალხს უნდა მიხედონ და მათ კეთილდღეობაზე იზრუნონ. საწყენია, რომ ხშირად ავიწყდებათ, რას დაგვპირდნენ.“

სიმონ ზირაქაშვილი-„ამდენ დაპირებებს გვაძლევენ და აბა, რომელმა შეასრულა?! ხალხს მაინც არავინ გვიჯერებს, გინდ ვყოფილვართ და გინდ არა, ყველა თავის სკამებისთვის არის. მხოლოდ შვილებისთვის და თავიანთი მომავალი თაობისთვის ზრუნავენ. ზოგიერთი კანდიდატის პროგრამას კი ვიცნობ ნაწილობრივ, მაგრამ რა აზრი აქვს, ცარეილი სიტყვებია, ყველაფერი ტყუილია.“

თემურ ქიზიყურაშვილი-„აუცილებელია გავეცნოთ წინასაარჩევნო პროგრამას და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება. ბევრი დაპირებაა, მთავარი კი, მაინც შესრულებაა. მე მაგალითად,  ჩემს არჩევანს 21 ოქტომბერს დავაფიქსირებ.“

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საარჩევნო და თვითმმართველობის პროექტების კოორდინატორი, ირმა პავლიაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ აუცილებელია, ამომრჩეველმა იცოდეს პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო პროგრამა და ამის შემდეგ გააკეთოს  არჩევანი. „წინასაარჩევნო კამპანია აგებული უნდა იყოს იმაზე, რომ ამომრჩეველმა გაიგოს პოლიტიკური პარტიების ხედვა და სამომავლო გეგმა, რომელსაც ისინი გამარჯვების შემთხვევაში განახორციელებენ. საარჩევნო პერიდიოდი უნდა წარიმართოს მშვიდად, რათა კანდიდატებს თანაბარი შესაძლებლობები მიეცეთ, ხოლო შემდეგ ამომრჩეველმა თავისუფალ გარემოში დააფიქსიროს თავისი პოზიცია. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ შეისწავლა, რამდენად იციან თავიანთი პოლიტიკური უფლებები  ეთნიკურმა უმცირესობებმა  და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა, ასევე აქვთ, თუ არა ინფორმაცია პოლიტიკური აქტორებისა და მათი პროგრამების შესახებ,  როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პარტიები გააქტიურდნენ არა მხოლოდ ცენტარლურ დონეზე, არამედ რეგიონებშიც.  მინდა აღვნიშნო, რომ ამ კვლევის დროს, ეთნიკურმა უმცირესობებმა ისეთი პარტიები დაასახლეეს, რომლებიც დიდი ხანია არჩევნებში მონაწილეობას აღარ იღებენ.“

ირმა პავლიაშვილის თქმითვე, საჭიროა ამომრჩეველს მეტი ინფორმაცია ჰქონდეს პოლიტიკური პროცესების შესახებ, რაც საშუალებას მისცემს კენჭისყრის დღეს ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს.

თამარ კაპანაძე

გაზეთი „სპექტრი“

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east