რას გვპირდებიან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძვის.

ორგზის პარლამენტარი – 2004 წელს პროპორციული სიით არჩეული, ხოლო 2008-2012 წლებში ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა მაღლაკელიძე კენჭს საარჩევნო ბლოკიდან „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ იყრის;

რკინიგზელი გულადი (გია) ყრუაშვილი ხარაგაულის მერობის კანდიდატად წარდგენილია საარჩევნო ბლოკიდან – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო“;

პროფესიით ექიმი, 2007-2012 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დღეს საკრებულოს წევრი თორნიკე ავალიშვილი მერობის კანდიდატია საარჩევნო ბლოკიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;

არქიტექტორი, სამხატვრო აკადემიის პროფესორი და ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი პაატა კიკნაძე ხარაგაულის მერობის კანიდადატად დასახელებულია პარტიიდან „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;

საარჩევნო ბლოკიდან „გიორგი ვაშაძე – ერთობა ახალი საქართველო“ ხარაგაულის მერობის კანიდიდატია ლევან მარდალეიშვილი, რომელიც ამ დრომდე ხარაგაულში არ გამოჩენილა;

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე კენჭს ნიკოლოზ თოფურიძე იყრის. ის 2016 წელს, შუალედურ არჩევნებზე ხარაგაულის მოსახლეობამ გამგებლად აირჩია.

მერობის კანდიდატების ხედვებისა და დაპირებების გასაცნობად მათ რამდენიმე ერთნაირი შეკითხვით მივმართეთ:

მერად არჩევის შემთხვევაში, კონკრეტულად რას გააკეთებენ ახალგაზრდა ოჯახების ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დასამაგრებლად;

კონკრეტულად რას ჰპირდებიან ხარაგაულის მოსახლეობას;

– გეგმავენ თუ არა დასუფთავების, კეთილმოწყობის, მარტოხელათა კვების, საინფორმაციო მომსახურების ტენდერით შესყიდვას ააიპების სუბსიდიით დაფინანსების ნაცვლად;

განხორციელებენ თუ არა ააიპების რეორგანიზაციას.

ხარაგაულის მერობის კანდიდატი ჯაბა მაღლაკელიძე თვლის, რომ ახალგაზრდებისთვის მცირე სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას და მათი ბიზნეს იდეები დაფინანსდეს. მისი მიზანია, რომ ხარაგაულში სამთო ტურიზმი განავითაროს. ჯაბა მაღლაკელიძე არსებული ფინანსების ყველა სოფლისთვის სამართლიანად განაწილებას გვპირდება. მერად არჩევის შემთხვევაში 4 ათასი ხარაგაულელი პენსიონერისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან პენსიის 25 ლარით გაზრდის შესაძლებლობაზე საუბრობს. მერობის კანდიდატი ამბობს, რომ რის საშუალებასაც მოგვცემს კანონმდებლობა, ყველა შემთხვევაში, ტენდერი გამოცხადდება. ერთადერთი აუცილებელი პირობა ტენდერში გამარჯვებულთან იქნება ის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა დაასაქმოს.

რაც შეეხება ააიპ-ებში „გაბერილ“ შტატებს, ჯაბა მაღლაკელიძე გვპასუხობს, რომ „ნებისმიერი მერი, ვისაც აირჩევენ, ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშე დადგება – ბიუჯეტის ფულით ან მხოლოდ ხელფასები უნდა გასცეს, ისევ ვერაფერი აკეთოს და მხართეძოზე წამოწვეს, ან ზედმეტი ხალხი სამსახურიდან გაუშვას. „მერად არჩევის შემთხვევაში არცერთ დასაქმებულს სამსახურიდან გაშვება არ ემუქრება,“ – ამბობს „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი.

სოფლებში მიგრაციას მეცხოველეობის, სოფლის მეურნეობის  ხელშეწყობა და ამ მიზნით ოცამდე ახალგაზრდისთვის ცოდნის მიცემა შეაჩერებს, – ასე ფიქრობს მერობის კანდიდატი გულადი (გია) ყრუაშვილი. კონკრეტულად ხარაგაულელ ამომრჩეველს ჰპირდება, რომ ყველა ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდის ბიზნეს-გეგმას ადგილობრივი ბიუჯეტიდან დააფინანსებს. ასევე სხვადასხვა კერძო კომპანიებში დასაქმებული ხარაგაულელების ინტერესებს დაიცავს. მხარს უჭერს „ტენდერული სიტუაციის პრინციპს“ და მიაჩნია, რომ გამოცდილების მქონე ადამიანს უნდა მიეცეს საშუალება, ტენდერი მოიგოს.

ააიპ-ებში 2012 წლის შემდეგ დასაქმებულთა შესახებ ამბობს, რომ საბიუჯეტო თანხები მათ ხელფასებზე ნაწილდება და დასაქმებულთა პროფესიულ ზრდას არ ემსახურება. „დამიჯეროს იმ ხალხმა, უმჯობესია, ააიპ-ებში დახარჯული ფულით ხელი შეუწყონ ბიზნესს, ახალგაზრდები დაამკვიდრონ ხარაგაულში,“ – ამბობს გულადი ყრუაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი თორნიკე ავალიშვილი მიიჩნევს, რომ მიგრაცია შეჩერდება, თუ მოქალაქეები სამასალე მერქნის მოპოვებას, ავეჯის მცირე საწარმოების ამოქმედებას შეძლებენ და თავიანთი შრომა-საქმიანობით ოჯახებს არჩენენ.

ის ამბობს, რომ თუ ხარაგაულის მაღალმთიან სოფლებში – ზვარეში, წიფასა და მოლითში, მოსახლეობას ექნება ბინების  ტურისტებზე გაქირავების საშუალება, დიდ შემოსავალს მიიღებს.

მერად არჩევის შემთხვევაში, თორნიკე ავალიშვილი გვპირდება, რომ ყველა ახალგაზრდა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩაერთვება, ახალგაზრდების ინიციატივები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ადმინისტრაციულ ერთეულებში ყველა ცენტრალური და საუბნო გზა მოწესრიგდება, უწყლოდ დარჩენილ ყველა სოფელს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება, ხარაგაულის პარკში ე. წ. „ღია ესტრადა“ გარემონტდება და პირვანდელი სახე დაუბრუნდება, ლეღვანში წყლის სათავე ნაგებობაზე ხელოვნური ფილტრატები დამონტაჟდება, მრავალბინიანი კორპუსების შიდა და გარე ფასადები მოწესრიგდება.

მერობის კანდიდატი პაატა კიკნაძე ფიქრობს, რომ გასრკვევია  ძირითადად, რა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შექმნა შეიძლება, ამავე დროს, ხარაგაულში ტურიზმის განვითარებისთვის მცირე ტურისტული ფირმის ან ტურისტული ჯგუფების ჩამოყალიბებას გეგმავს.

პაატა კიკნაძის ყველაზე დიდი სურვილია, რომ ხარაგაულში ინფრასტრუქტურული პროექტები ხარისხიანად შესრულდეს. ის ფიქრობს, რომ ზოგ შემთხვევაში, ტენდერს ჯობია, თავად მუნიციპალიტეტმა განსაზღვროს გარკვეული სამუშაო ხარჯთაღრიცხვის მიხედვით და არ გადასცეს სამუშაო შესასრულებლად იმ კომპნიას, რომელიც დაბალ ფასს შესთავაზებს.

ააიპ-ებში დასაქმებულ „ზედმეტ“ შტატებზე პაატა კიკნაძე ამბობს, რომ   მერად არჩევის შემთხვევაში, სამსახურიდან ხელაღებით ვერავის გაუშვებს. „ვეცდებით, რომ პირველ ეტაპზე ხუთი კაცი მცირე საწარმოებში დასაქმდეს და ასე გადავანაწილოთ. მოვდივარ იმ განწყობით, რომ საქმე უკეთესად გავაკეთოთ. როგორც არქიტექტორს, გული მიკვდება, როგორ არის მიტოვებული არქიტექტურული ძეგლები. გზის აღდგენაც კარგია, მოხუცის დახმარებაც, მაგრამ კულტურული ძეგლები არ უნდა დავივიწყოთ,“ – ამბობს პაატა კიკნაძე და მერად არჩევის შემთხვევაში, ინფრასტრუქტურული პროექტების პროფესიონალურად და კეთილსინდისიერად შესრულებას გვპირება.

მერობის კანდიდატი ნიკო თოფურიძე აცხადებს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერად არჩევის შემდეგ გვეტყვის, კონკრეტულად რას და როგორ გააკეთებს. კონკრეტული დაპირებებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ გაკეთდება იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია; იქნება ცვლილები და მაქსიმალურად ეცდება, რაციონალურად გამოიყენოს ის ბიუჯეტი, რომელიც ხარაგაულის მოსახლეობას ეკუთვნის.

 ნინო კაპანაძე

„ჩემი იმერეთი“

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east