ქალები პოლიტიკაში

სამცხეჯავახეთში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარობის 329 კანდიდატიდან, 39 ქალია. მათი ნაწილი პოლიტიკაში ახალი სახეა, ნაწილი კი წლებია პოლიტიკაშია.

21 ოქტომბრის არჩევნებზე, სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარულ ოლქებში რეგისტრირებული ყველა ქალი მაჟორიტარი კანდიდატი პარტიის მიერაა წარდგენილი. მამაკაცებთან შედარებით, მათი რიცხვი საკმაოდ მცირეა. ქალები, მაჟორიტარ დეპუტატთა მთლიანი რაოდენობის მხოლოდ 12% – ს შეადგენენ.

სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარულ ოლქებში კანდიდატები ექვსმა პარტიამ წარადგინა. ესენია: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“, „ევროპული საქართველო“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”, და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

საარჩევნო სუბიექტი ქალების მოლოდინები იდენტურია. ამბობენ, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, შეეცდებიან საკუთარი ინიციატივები დაიცვან და ადგილობრივ თვითმმართვეობაში მათ ხელთ არსებული ბერკეტი გამოიყენონ.

რაოდენობრივად, სამცხე–ჯავახეთში, ყველაზე მეტი ქალი მაჟორიტარი საარჩევნო ბლოკმა „ევროპული საქართველო“ წარადგინა. პარტიას, რეგიონის მასშტაბით 17 ქალი კანდიდატი ჰყავს.

ეკა ტატალაშვილი

ეკა ტატალაშვილი

ეკა ტატალაშვილი „ევროპულსაქართველოს“ წინასაარჩევნოდ შეუერთდა. 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში კენჭს ახალციხის #2–ე მაჟორიტარულ ოლქში იყრის. იგი წლების განმავლობაში ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობდა. ამბობს, რომ დაკავებული პოზიციიდან გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა არ შეეძლო, ამიტომ არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა.

თვითმმართველობაში მოსვლის შემთხვევაში ეკა ტატალაშვილი მუშაობის დაწყებას რამდენიმე საკითხის მოგვარებით აპირებს. მთავარ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს. ამბობს, რომ მისი ინიციატივა ახალციხის ციხისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია იქნება, რითაც ადგილობრივებისათვის სამუშაო ადგილები გაჩნდება. მის სამოქმედო გეგმაში შედის ასევე სასმელი, სარწყავი და საკანალიზაციო სისტემის, შიდა და მთამდე მისასვლელი გზების მოწესრიგება: „თუ უმცირესობით ვიქნები საკრებულოში, აუცილებლად ავიმაღლებ ხმას, რომ ბიუჯეტი იყოს სწორად დაგეგმილი“.

 მარინა ირიციანი

მარინა ირიციანი

რეგიონის მასშტაბით 7 ქალი კანდიდატი წარადგინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. მარინა ირიციანი, რომელიც 2013 წლიდან პარტიაშია და კენჭს ახალციხის #1–ელ მაჟორიტარულ ოლქში იყრის, ამბობს, რომ ოლქის შემადგენლობაში შედის რაბათის ტერიტორიაც, სადაც არაერთი პრობლემაა: დასახლებაში არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რიგ უბნებში არ არის განათება, ბაგა–ბაღი.

კანდიდატი მიიჩნევს, რომ საკრებულოს შემადგენლობაში არსებული გენდერული დისბალანსი მისთვის პრობლემა არ იქნება: „ასე მგონია, რომ მთავარია ადამიანს შენი საქმე გიყვარდეს და ეკიდებოდე დიდი პასუხისმგებლობით. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სქესსა და ეროვნებას. თუმცა აქვე ვთვლი, რომ ქალს მეტი შეუძლია, იგი უფროგულისხმიერი, პასუხისმგებლიანი და გამჭრიახია“.

ხუთი ქალი მაჟორიტარი კანდიდატი ჰყავს „ქართულ ოცნებას“. მათგან ერთ–ერთი ზოია ბალიაშვილია, რომელიც კენჭს ასევე ახალციხის #1–ელ მაჟორიტარულ ოლქში იყრის. იგი პოლიტიკაში ახალი სახეა, თუმცა სკოლაში მასწავლებელია და ამბობს, რომ ახალციხის მოსახლეობა ძალიან კარგად იცნობს: „პოლიტიკაში მოსვლა ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო და პარტიამაც ნდობა გამომიცხადა“.

ზოია ბალიაშვილი

ზოია ბალიაშვილი

ზოია ბალიაშვილი ამბობს, რომ „ახალციხეში ბევრი რამე გაკეთდა: თუმცა პრობლემად რჩება წყლის სისტემა, ასევე ბაგინაშვილისა და სამსონიძის ქუჩებზე გზის მონაკვეთის დაგება. არის რიგი ქუჩები სადაც გასაკეთებელია განათება, ეს ყველაფერი ეტაპობრივად გაკეთდება“.

საკრებულოში მოსვლის შემთხვევაში საკუთარი ინიციატივები აქვს „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატს ნანა ბაღდოშვილს. იგი იმ სამ ქალ კანდიდატს შორისაა, რომლებიც პარტიამ რეგიონის მასშტაბით დაასახელა. ბაღდოშვილი კენჭს ვალის მაჟორიტარულ ოლქში იყრის და მისი გეგმაც ვალის განვითარებას ეხება: „ვალეში კერძო მეწარმეები საკმაოდ გვყავს, ისინი აწარმოებენ პროდუქციას, მაგრამ მათი რეალიზაცია არ ხდება. ამიტომ მინდა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში შევიტანო ინიციატივა შესაბამისი სამსახურის ჩამოყალიბების, ამ სამსახურმა უნდა დაუზუსტოს ყოველი ნაბიჯი მეწარმეს. სად გაიტანს, რა ფასში ჩააბარებს პროდუქციას და ა.შ“.

კანდიდატს გააზრდებული აქვს, რომ გამარჯვების შემთხვევაში მუშაობა გენდერულ უმცირესობაში მოუწევს: „ხშირად მეკითხებიან, რა მინდოდა პოლიტიკაში, რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი. მე პოლიტიკაში ახლა არ მოვსულვარ, 2010 წლიდან „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ვიყავი. მინდა, რომ ჩემს გადაწყვეტილებას ბევრი ქალი შემოუერთდეს“.

სამცხე–ჯავახეთის მაჟორიტარულ ოლქებში „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველომ“ ხუთი კანდიდატი წარადგინა, – სამი ბორჯომში, ერთი ადიგენში, ერთი კი ახალქალაქში. ერთი ქალი კანდიდატი ჰყავს „ლეიბორისტულ პარტიას“, რომელიც კენჭს ბორჯომში იყრის.

ცესკოს მონაცემებით, 2017 წლის არჩევნებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე წარდგენილი ქალი კანდიდატები მხოლოდ 16% შეადგენენ. ეს რიცხვი, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებტან შედარებით, მხოლოდ 1%–თაა გაზრდილი.

ქალ კანდიდატებს არჩევნებზე, ქალი ამომრჩევლების იმედი აქვთ, რომელთა რიცხვი დაახლოებით 54%–ია, რადგან, მათი თქმით, ქალ პოლიტიკოსთა მიმართ ქალები უფრო სოლიდარულები არიან.

თაკო ფეიქრიშვილი,

“სამხრეთის კარიბჭე“

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east