წინასაარჩევნო ზეწოლები ხარაგაულში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოქტომბრის მორიგ სხდომაზე დეპუტატებმა წინასაარჩევნო დარღვევებზე ისაუბრეს. დეპუტატმა კობა გოგსაძემ საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძის ქმედება გააპროტესტა. გოგსაძის ინფორმაციით, მან საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებს დაურეკა და მოთსხოვა, რომ საარჩევნო მოსაწვევები მოსახლეობაში პარტია „ქართული ოცნების“წარმომადგენლებს დაერიგებინათ. ამ ფაქტს საკრებულოს თავმჯდომარე არ ადასტურებს.

კობა გოგსაძესთვის ბუნდოვანია, რატომ თქვა გრიგოლ ღამბაშიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ წიფის მაჟორიტარობის კანდიდატობაზე უარი.

დღევანდელი საკრებულოს წევრი და წიფის სახელისუფლებო მაჟორიტარი კანდიდატი ბესო ტალახაძე აცხადებს, რომ გრიგოლ ღამბაშიძე მისი ბიძაა და უარი ამ მიზეზით განაცხადა.

-კანდიდატობაზე რომ დაგვთანხმდა, მაშინ არ იცოდა, შენი ბიძა რომ იყო?! – გაკვირვებული მიმართავს კობა გოგსაძე სახელისუფლებო კანდიდატს.

საკრებულოს წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ქეთევან ზუმბაძე ამ ფაქტის შესახებ საუბრობს: გრიგოლ ღამბაშიძის საბუთებიც და ფოტოსურათებიც გამზადებული გვქონდა. კანდიდატის წარდგენის წინა დღეს გრიგოლი ჩვენთან მოვიდა და უარი განაცხადა. მიზეზით დავინტერესდი. გვიამბო, რომ მას,სახელისუფლებო კანდიდატ ბესო ტალახაძესთან ერთად, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი კობა ლურსმანაშვილი შეხვდა და უთხრა,რომ თუ კანდიდატურას არ მოიხსნიდა, სამსახურს დაკარგავდა. გრიგოლ ღამბაშიძე სკოლის მიკროავტობუსზე მუშაობს.

„რომ გადავხედე ჩემი კონკურენტები ვინ იქნებოდნენ, უარი ვთქვი კანდიდატობაზე, რადგან გამარჯვების შანსი არ მქონდა. წინასაარჩევნო პერიოდში ბაღდათი-ხარაგაულის დეპუტატს არ შევხვედრივარ“, – აღნიშნა გრიგოლ ღამბაძიძემ ჩვენთან საუბარში.

ქეთევან ზუმბაძე კანდიდატის დაშინების კიდევ ერთ ფაქტზე საუბრობს: „პარტია „ევროპული საქართველოს“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი ლაშეში ჩვენი დეპუტატობის კანდიდატის, მადონა მანჯავიძის, ბიძასთან მივიდა და უთხრა, რომ თუ მადონა კანდიდატურას არ მოიხსნიდა, მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ თოფურიძე მას სკოლიდან გაათავისუფლებდა. სინამდვილეში ნიკოლოზ თოფურიძე ამ სიტუაციაში არ ჩარეულა.“

აკაკი მაჭავარიანმა რომ ბიძამისს მიმართა მოთხოვნით, მის ნათესავ კანდიდატს კენჭისყრაზე უარი ეთქვა, ამ ფაქტს დეპუტატობის კანდიდატი მადონა მანჯავიძე ადასტურებს და ამბობს: „სანამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო აკაკი მაჭავარიანი, ყოველთვის გვერდით ვედექი. ახლა სხვა პარტიაში გადასულა. რომ ეთხოვა, ისევ მივეხმარებოდი, მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამს“.

თავის მხრივ, ზეწოლებზე ასევე საუბრობს საარჩევნო ბლოკის „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი. ის აცხადებს, რომ მათი პარტიიდან კიცხის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრ მამაია გოგოლიძემ უფლებამოსილება მოიხსნა, რადგან დააშინეს. ამ ფაქტის მიზეზების განმარტებაზე თავად მაია გოგოლიძე, ჯერჯერობით, თავს იკავებს.

აკაკი მაჭავარიანის განცხადებით, სოფლის რწმუნებულები მოსახლეობას აშინებენ, რომ თუ მმართველი ძალის წარმომადგენელი არ გახდება სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, იმ სოფელში მომავალი ოთხი წლის მანძილზე არაფერი გაკეთდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი საარჩევნო ბლოკიდან „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ ჯაბა მაღლაკელიძე „სათნოების სახლის“ დირექტორისგან ბენეფიციარ თამაზ თავბერიძეზე ზეწოლის შესახებ საუბრობს: „ხრაგაულის „სათნოების სახლის“ დირექტორმა გოგიტა ჩიჩილიძემ თამაზ თავბერიძეს ჰკითხა, რომელ პარტიას უჭერდა მხარს. მას შემდეგ, რაც თამაზ თავბერიძემ „ევროპული საქართველოს“მხარდაჭერა გამოხატა, მას კუთვნილი ულუფა არ მისცეს.“

თამაზ თავბერიძეამ ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ ამის გამო დირექტორ გოგიტა ჩიჩილიძესთან იკამათა. თუმცა ამის შემდეგ „სათნოების სახლის“ მომსახურებით ისევ სარგებლობს.

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ფცქიალაძე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მმართველი ძალის მაჟორიტატობის კანდიდატები იმ ადამიანებს სთხოვენ არჩევნებში მხარდაჭერას, ვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარება მიუღიათ. თუმცა, თემურ ფცქიალაძე ფაქტებს არ აკონკრეტებს.

კონკრეტულ გვარ-სახელებს ასევე არ ასახელებს „შენების მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ინგა მაღრაძე. ის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს: „პარტია„ქართული ოცნების“წარმომადგენლები მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, – ამბობს ინგა მაღრაძე, – კანდიდატები ამომრჩევლებს არწმუნებენ, რომ არჩევნების შემდეგ სოციალური შემწეობის დანიშვნას სოფლის რწმუნებული და დეპუტატები გადაწყვეტენ. საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ სოფელ ისლარში წინასაარჩევნო შეხვედრაზე სამსახურებში დასაქმებული ადამიანების სია წარმოადგინადა მათ არჩევნებში მხარდაჭერა მოსთხოვა.“

ისლარში წინასაარჩევნო შეხვედრაზე მყოფი მოქალაქეები ამ ფაქტს არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ მანანა ბარბაქაძეს შეხვედრაზე სია არ წარმოუდგენია.

ა/ო „სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორის ,ქეთევან პავლაძის ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ პარტიებს რაიმე კონკრეტული დარღვევის ფაქტზე არ მიუმართავთ.

 თამთა გოგოლაძე

„ჩემი იმერეთი“

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 

 

 

 



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east