“ოცნების კანდიდატი: “20 წელი ვიყავი ხელისუფლებაში და ყველა მიცნობს”

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღე დარჩა. სიტუაცია ამ მხრივ ოზურგეთშიც დაძაბული, თემა კი აქტუალური ხდება.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რამდენიმე სოფელში, „სადაც ყველაზე მეტად უჭირს“, იმ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებზე  შეაჩერა არჩევანი, ვინც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სოფლების გამგებლები და დეპუტატები იყვნენ, დღეს კი უკვე “ქართულ ოცნებას“ წარმოადგენენ. “გურია ნიუსი“ ამასთან დაკავშირებით აქტიურად წერს.

დაბა ნარუჯას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალოდია ბერიძეა, რომელიც  წარსულზე საუბარს არ ერიდება.

ბერიძის თქმით, ის დაბა ნარუჯას წლების განმავლობაში, 1998 წლიდან,  მათ შორის ბოლოს 2010 წლიდან 2014 წლამდე “პატრონობდა“. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისას იყო დაბა ნარუჯას გამგებელი. თუ რატომ გამოჩნდა დღეს, ვისი კანდიდატურაა, ვინ შესთავაზა ეყარა კენჭი, ბერიძე ამბობს, რომ ნარუჯას მოსახლეობას მისი გვერდში დგომა სჭირდება:

ბეგი სიორიძის საარჩევნო შეხვედრა ნარუჯელებთან

ბეგი სიორიძის საარჩევნო შეხვედრა ნარუჯელებთან

ჩემი სურვილი და სოფლის ინტერესი იყო. რადგან სოფელი ჩავარდნილია ბოლო დროს, ამიტომ, იყო და არის რაღაც პრობლემები და მინდა, ისევ დავუბრუნდე ჩემს წარსულს, ვიზრუნო, ვიფიქრო სოფელზე. 4 წელი საკმაო დრო და შესაძლებლობა, რომ სოფელი კიდევ ერთხელ წამოვაყენო ფეხზე. მაქვს მე ამისი გამოცდილება, ამიტომ მოვდივარ ისევ ხელისუფლებაში“, _ ამბობს ვალოდია ბერიძე.

_ როგორ ახერხებთ, სოფელში ისეთი ნდობა მოიპოვოთ, რომ ასე დარწმუნებული იყოთ გამარჯვებაში?

როცა ვიყავი გამგებელი და დეპუტატი,  ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ნარუჯელებს გააჩნდათ, ჩემს კომპეტენციაში შედიოდა თუ არა, ყველაფერს ვაგვარებდი. არასოდეს მიფიქრია, იყო თუ არა ეს ჩემის საქმე, ნებისმიერ სფეროში. 20 წელი ვიყავი ხელისუფლებაში  და ყველა მიცნობს, _ ამბობს ვალოდია ბერიძე.

ფოტოები, რომელიც სტატიას ახლავს, ბერიძის წარსულს ასახავს _ ერთ მათგანზე, რომელიც 2012 წელს, რამაზ ნიკოლაიშვილის დაბა ნარუჯაში მოსახლეობასთან შეხვედრისასაა გადაღებული, ვალოდია ბერიძე კარგად ჩანს.

 

ჟანა მეგრელიშვილი;

გურია ნიუსი

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east