ადმინისტრაციული რესურსი არჩევნების სამსახურში

ოპოზიცია მმართველ გუნდს წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ არათანაბარი საარჩევნო გარემოა.

მმართველი გუნდის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბარი სამცხე–ჯავახეთში აგვისტოში დაიწყო. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურსს მაქსიმალურად იყენებს იმისათვის, რომ გამარჯვება მოიპოვოს.

„კონკრეტული მაგალითებით აქ ვერავინ გიპასუხებთ. მე რომ ვთქვა ეს, უნდა დავამტკიცო და ხალხი დავაყენო დარტყმის ქვეშ. გავიმეტო ის ხალხი?!“ – ამბობს „დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი ახალციხეში ჯუმბერ ინასარიძე.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები აქტიურად ეწევიან საარჩევნო კამპანიას: „ახალციხეში გამგეობა და მერია მობილიზებულია, მოსახლეობაში დადიან და აძალებენ ხალხს, რომ 41 შემოხაზონ, გაჭირვებულ ხალხს ამადლიან, რომ უფასო სასადილოში აჭმევენ. ეს არ არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება?!“

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობს „ბაქრაძე უგულავა – ევროპული საქართველოს“, წარმომადგენელი გელა დემეტრაძე. მისი თქმით, არჩევნებამდე უნდა გამოქვეყნებულიყო სია იმ ადამიანების, რომლებიც გაერთიანებული მუნიციპალიტეტის მერიაში იმუშავებდნენ, თუმცა არ გამოქვეყნებულა: „სპეციალურად არ გაამჟღავნებენ, რათა მაქსიმალურად გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი, –  ის ადამიანები, ვინც ორივე ადმინისტრაციაშია  დასაქმებული“.

6 ოქტომბერს ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე პრესკონფერენცია გამართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა ირაკლი ბარძიმაძემ.

მისი მტკიცებით, ახალციხის რამდენიმე საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები, ბაღებისა და სკოლების დირექტორები ან პედაგოგები არიან, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა.

პრესკონფერენციის შემდეგ „სამხრეთის კარიბჭემ“ ყველა იმ ფაქტის გადამოწმება სცადა, რაზეც ირაკლი ბარძიმაძე საუბრობდა. ახალციხის იმ საარჩევნო უბნებზე, რომელზეც მერობის კანდიდატი საუბრობდა, კომისიის თავმჯდომარეები ნამდვილად ზემოთდასახელებული პირები არიან. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განგვიმარტეს, ეს ცალსახად დარღვევას არ ნიშნავს, თუმცა, კარგი იქნებოდა საარჩევნო პერიოდში ამ პირებს შვებულებით ესარგებლათ.

„თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზის“ მერობის კანდიდატი ჯიმშერ გოგოლაური ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აცხადებს, საარჩევნო სიებში ხარვეზებია.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევებზე წერდა „სამხრეთის კარიბჭეც“.

30 აგვისტოს ასპინძის მუნიციპლიტეტის ააიპ–ების ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ  გამგებელმა ლევან ცაბაძემ ისინი მის საარჩევნო შტაბში დაიბარა, რათა დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირებისთვის საჭირო ხმები შეეგროვებინა.  მომხდარის გამო, 6 სექტემბერს საერთო– სამოქალაქო მოძრაობამ  „მრავალეროვანმა საქართველომ“ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტზე  ცესკოში უჩივლა. „მრავალეროვანი საქართველოს“ საჩივარი N39 ასპინძის საოლქო საარჩევნო კომისიამ 21 სექტემბერს განიხილა და დაადგინა, რომ ასპინძის გამგებლისა და დამოუკიდებელი მერობის კანდიდატის ლევან ცაბაძის მიერ წინასაარჩევნოდ გამოყენებულ იქნა თანამდებობრივი მდგომარეობა. აღნიშნული დარღვევა 2 000 ლარით ჯარიმდება. საქმემ ახალციხის სასამართლოში გადაინაცვლა, თუმცა, სასამართლომ  საქმის წარმოება მალევე შეწყვიტა. მოსამართლის  გოჩა ჯეირანაშვილის განმარტებით, საქმის მასალების მიხედვით, არ დადგინდა, რომ უშუალოდ ცაბაძემ დაავალა ააიპ–ების თანამშრომლებს მის მხარდამჭერთა სიაში ხელი მოეწერათ.

წინასაარჩევნო პერიოდში, პარტიულ შეხვედრებზე, სამსახურეობრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე. მისი ავტომანქანა „სამხრეთის კარიბჭემ“ ახალციხესა და ადიგენში, მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას გადაიღო.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტეს, რომ რეგიონის პირველმა პირმა ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენა, რაც 2000–ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს. მისი თქმით, გუბერნატორს საარჩევნო შეხვედრებზე, სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილების უფლება იმ შემთხვევაში ექნებოდა, სახელმწიფო დაცვით რომ გადაადგილდებოდეს.

მმართველი პარტიის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობდნენ ახალციხეში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენის დროსაც. ამ დღეს, მიმდებარე სოფლებიდან და ადმინისტრაციული ცენტრებიდან, ახალციხეში ხალხი მიკროავტობუსებით ჩამოიყვანეს. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მათ ჩამოსვლას ორგანიზება გამგეობებმა გაუწიეს.

ამ დღეს, ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში ავტომანქანით გადაადგილება შეუძლებელი იყო. ცენტრალურ ქუჩასთან დამაკავშირებელი ყველა ქუჩა, წარდგენამდე 10 საათით ადრე, დილის 09:00 საათიდან გადაიკეტა. ამავე ღონისძიების გამო, საღამოს საათებში არ შესრულდა რამდენიმე შიდა, სოფლების მარშრუტიც.

7 ოქტომბერს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობდნენ ისევ ასპინძაში.  ამ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები შეკრიბეს და მმართველი გუნდის კანდიდატის  მხარდაჭერა მოსთხოვეს.

თინათინ ზაზაძე, 

სამხრეთის კარიბჭე

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

 



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east