არაადაპტირებული და ნახევრად ადაპტირებული გარემო 21 ოქტომბრის არჩევნებზე

ზოგან იყო პანდუსი, მაგრამ არ იყო ადაპტირებული საარჩევნო კაბინა, ან პანდუსი არ იყო ისე მოწყობილი, რომ ეტლით მოსარგებლეს ასვლა თავისუფლად შესძლებოდა,  იყო შემთხვევა, როცა საარჩევნო უბანს ადაპტირებული კაბინა ჰქონდა, მაგრამ უბანი მეორე სართულზე მდებარეობდა, პანდუსი კი არ იყო.

ერთ უბანზე შშმ ამომრჩეველს ხმის მიცემა ღია სივრცეში, ყველას დასანახად მოუხდა,რადგან უბანზე ადაპტირებული საარჩევნო კაბინა არ იყო – „ბათუმელები“ მთელი დღის მანძილზე აკვირდებოდა სიტუაციას საარჩევნო უბნებზე, რამდენად იყო ადაპტირებული გარემო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

არჩევნებს მთელი დღის მანძილზე აკვირდებოდნენ ასევე ორგანიზაცია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ წარმომადგენლები, თომა კაკაბაძე და რამინ მაჭარაშვილი. „ბათუმელებმა“ სწორედ მათ სთხოვა შეფასება, რამდენად ადაპტირებული იყო 21 ოქტომბრის არჩევნები.

„მე ხმა ფერიის 24-ე უბანზე მივეცი. შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ასეთი სიტუაცია დამხვდა: პანდუსი იყო ზედმეტად დახრილი ანუ სტანდარტებს ვერანაირად ვერ აკმაყოფილებდა და ხელით დამჭირდა აყვანა. ეს ბევრი მედიასაშუალებით გაშუქდა და წელს უკვე ცოტათი დაუგრძელებიათ, თუმცა არსებითი სხვაობა ძველთან შედარებით არ იყო. პანდუსი ავიარე სხვისი დახმარებით და დამხვდა მეორე ბარიერი – კარის ზღურბლი, ძლივს შევედი, იქაც შემიყვანეს და დახმარება დამჭირდა. კაბინა იყო ადაპტირებული. ერთი უბანი იყო სხვათა შორის, სადაც სამი კაბინიდან ორი იყო სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის, პროცედურებმა ნორმალურად ჩაიარა, თუმცა დამოუკიდებლად რომ მიმეცა ხმა, ეს არ მოხერხდა.

მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა საარჩევნო უბანს ვაკვირდებოდი და  მათ შორის წერეთლის ქუჩაზე მდებარე საბავშვო ბაღშიც ვიყავი, სადაც უბანი მეორე სართულზე იყო განთავსებული. ერთ-ერთმა დამკვირვებელმა მითხრა, რომ ზემოთ არის კაბინა ეტლით მოსარგებლისთვისო და ძალიან პარადოქსულია ეს სიტუაცია: როცა კაბინა გაქვს ადაპტირებული და იმ სართულამდე მისასვლელი ორი სართულიდან არც ერთი არაა მისაწვდომი – არც ერთი და არც მეორე. ვერანაირად ვერ შევედი და დავაფიქსირე ეს ფაქტი ჩვენს ანკეტაში კომენტარის სახით, რომ არ იყო უბანი მისაწვდომი,“  – ამბობს თომა კაკაბაძე.

მისივე თქმით, ისინი აკვირდებოდნენ არა მარტო ფიზიკურ მისაწვდომობას, რამდენად არის პანდუსი და ა.შ. , არამედ იმასაც, თუ იყო დამხმარე საშუალებები, მაგალითად, უსინათლო ადამიანებისთვის:

„ასევე, იყო თუ არა სპეციალური პოსტერები ან ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის თუ არის რაიმე პოსტერები, რომლითაც ისინი იხელმძღვანელებენ და მიიღებენ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ასევე ვაკვირდებით მცირედმხედველებისთვის, უსინათლოებისთვის, ჩარჩოფორმა და გამადიდებელი ლინზები თუ არის.

იმასაც ვეკითხებით, თუ რამდენად არიან კომპეტენტურები, რომ აუხსნან ამომრჩეველს გამოყენების ინსტრუქციები, როგორ უნდა გამოიყენონ ესა თუ ის დამხმარე საშუალება.

ჩვენი დაკვირვების მომენტში არ დაფიქსირებულა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის ხმის მიცემის პროცესი, თუმცა რომ ვეკითხებით, მათ იციან თუ არა დამატებითი ხელსაწყოების გამოყენება, ყველა ერთხმად ამბობს, რომ იციან.

ახლახან მისცა ჩვენმა მეგობარმა ხმა, მცირედმხედველია და კომისიის წევრმა არ აუხსნა არაფერი, ამომრჩეველი შეაყოლა კაბინაში, რომ აეხსნა, თუ როგორ უნდა გამოეყენებინა ჩარჩო-ფორმა, რადგან მცირედმხედველმა გამადიდებელი ლინზა ვერ გამოიყენა. საბოლოოდ ვერ აუხსნა იმ ადამიანმა როგორ უნდა მოქცეულიყო და ამ ადამიანმა თვითონ, როგორც მოახერხა, ისე შემოხაზა. ახლა ამბობს, რომ მგონი შეცდომით შემოვხაზე და რომელიც მინდოდა, ის არ შემომიხაზავსო.

სისტემურად მაინც არ არის სწორი მიდგომა. მესმის, რომ ერთი ტრენინგით ადამიანებმა შეიძლება სრულყოფილად ვერ გაიგონ, თუ როგორ უნდა გაუწიონ დახმარება  შშმ პირებს, ყველაფერი ტრენინგით ვერ ისწავლება  და ის, რომ ჩარჩო ფორმა გიდევს, არაფერს ნიშნავს, ზოგან კაბინაში იყო მაგალითად დაწყობილი. ეს ხელსაწყოები უნდა იყოს განთავსებული თვალსაჩინო ადგილზე,  კომისიის ნებისმიერ წევრს უნდა შეეძლოს ჩარჩო ხელსაწყოების გამოყენების ინსტრუქციის განმარტება სპეციალური საჭიროების მქონე პირისათვის,“  – ამბობს თომა კაკაბაძე.

www.batumelebi.ge



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east