„შემიძლია სიაში მყოფი ბევრი ამომრჩევლის საფლავი გაჩვენოთ“ – წალკაში ამომრჩეველთა სიის უზუსტობაზე საუბრობენ

წალკის #25 საოლქო საარჩევნო ოლქში სულ 45 უბანია. უკვე ჩატარდა საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომა და  ხელმისაწვდომი გახდა ამომრჩეველთა ერთიანი სიები.  ერთიანი სია ყოველი ხელისუფლების დროს, ყველა არჩევნებზე მითქმა-მოთქმის და უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზია.

 შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ ორ საარჩევნო უბნის მაგალითზე, განვიხილავთ რა მდგომარეობაა წალკაში.

სოფელ არწივანის #32-ე  საარჩევნო უბანში გამოკრულ ერთიან  სიაში  550 ამომრჩეველია, მხოლოდ რამდენიმე მათგანის გასწვრივ ვნახულობთ აღნიშვნას – იმყოფება საზღვარგარეთ.

ამომრჩეველთა სიის უზუსტობაზე საუბრობენ ადგილობრივი მცხოვრებლები.

61692-1

,,65 წლის  ვარ, აქ დავიბადე და გავიზარდე, სიაში ისეთი გვარები ვნახე, საერთოდ არ ცხოვრობენ ჩვენს სოფელში. ძალიან ბევრი მიცვალებულია, ბევრიც დიდი ხნის წასულია საზღვარგარეთ და არავინ იცის ცოცხლები არიან თუ არა“- ამბობს ადგილობრივი ლაზარე ფასენოვი.

,, ჩვენი სოფელი პატარაა და ამდენი ხალხი არ ცხოვრობს. ამ სიაში ისეთი ადამიანები არიან, რომ მათი არსებობის შესახებაც კი არ  მსმენია, რაც თავი მახსოვს, ყველა არჩევნებზე ასეა. შემიძლია სიაში მყოფი ბევრი ამომრჩევლის საფლავი გაჩვენოთ“ –   საუბრობს რუდიკ ფასენოვი და სიაში სათითაოდ გვაჩვენებს გარდაცვლილ ამომრჩევლებს.

რამდენად რეალურია ეს სია და ნამდვილად არიან თუ არა სიაში მიცვალებულები ამის დასაზუსტებლად,  მივმართეთ სოფელ არწივანის გამგებლის წარმომადგენელს ქემალ გობაძეს. მისი თქმით, სიაში მართლაც ბევრი უზუსტობაა

,, ჩვენ სამოქალაქო რეესტრიდან მოგვაწოდეს სია გადასამოწმებლად. გადავამოწმეთ და 37 მიცვალებული აღმოვაჩინეთ.  დაახლოებით 20 დღის წინ, უკან გადავუგზავნეთ. ჩვენ რაც გვევალებოდა გავაკეთეთ.  ამოიღეს თუ არა გარდაცვლილები ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან, არ ვიცი და არც მინახავს. ასევე ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა 90-იან წლებში ამ სოფლიდან და საერთოდ არ დაბრუნებულან, მაგრამ მოქალაქეობა აქვთ, პენსიას აქ იღებენ და სიებშიც აქ არიან. ამომრჩეველთა სიაში რატომ არ აქვთ მინიშნებული საზღვარგარეთ ყოფნა, ეგ არ ვიცი“ – აცხადებს ქემალ გობაძე

 სოფელ  ავრანლოს # 38-ე საარჩევნო უბანის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 1583 ამომრჩეველია. რამდენად რეალურია ეს სია და სინამდვილეში რამდენი ამომრჩეველია ამ სოფელში?- ამის შესახებ საუბრობს გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე თემურ მგელაძე.

,, ჩვენ ვიმუშავეთ ამ თემასთან დაკავშირებით სოფელში და 435 რეალური ამომრჩევლის სია გავაკეთეთ. ამდენი ხალხი საიდან მოხვდა სიაში, არ ვიცი. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია. ჩვენი გაკეთებული სიიდან მიცვალებულები ამოვიღეთ და გადავაგზავნეთ. სიაში არიან ისეთებიც, ვინც აქ არ ცხოვრობს, მაგრამ  ამ  სოფელში არიან ჩაწერილები.“-ამბობს თემურ მგელაძე.

მიუხედავად ასეთი შეფასებისა, ამ უბანზეც, მხოლოდ, რამდენიმე ამომრჩეველის გასწვრივაა მითითებული- იმყოფება საზღვარგარეთ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პროტესტს გამოთქვამენ აღნიშნულ სიებთან დაკავშირებით. ამბობენ, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიები მომზადებულია არჩევნების გაყალბებისთვის. მათი თქმით, ადვილად იყო შესაძლებელი რეალური ამომრჩეველთა სიების გაკეთება, მაგრამ გამიზნულად არ ხდება ასე.

,, პირველ რიგში, ამომრჩეველთა სიის ასეთი რაოდენობა დაკავშირებულია საკანონმდებლო ხარვეზთან. საზღვარგარეთ მყოფი ადამიანების გასწვრივ, რომ მითითებული იყოს შესაბამისი მინაწერი, ამისათვის ეს ადამიანი დაფიქსირებული უნდა იყოს შესაბამის სახელმწიფოში საელჩოში აღრიცხვაზე, ან ცესკო-ს უნდა ჰქონდეს საბაჟოს მონაცემი საზღვრის გადაკვეთაზე.

საიდან ექნება ცესკო-ს ეს მონაცემი, როცა ადამიანი ქვეყნიდან წასულია 20-25 წლის წინ  და არც საელჩოშია აღრიცხვაზე?! ქვეყანა, ამ მხრივ, მისულია სრულ აბსურდამდე. საყოველთაო აღწერის მიხედვით,  სულ 3 600 000 ადამიანი ცხოვრობს და ამდენივე ამომრჩეველი გვყავს. ეს ხომ არასერიოზულია?!

ასე იყო ნაციონალების დროს და ამათაც გაუტკბათ. ეს ყველაფერი მორგებულია სახელისუფლებო პარტიების ინტერესებზე და ვინც გაიმარჯვებს, არც ის ზრუნავს ამ საკითხის გამოსწორებაზე“ – ამბობს „თავისუფალი დემოკრატების“ წალკა-დმანისი-კაზრეთის დეპუტატობის კანდიდატი, ჯემალ ვანაძე.

სიების უზუსტობაზე საუბრობენ „ნაციონალურ მოძრაობაშიც.“

,,ამ ხელისუფლებას აღარაფერი დარჩენია გაყალბების გარდა, სხვა არანაირი შანსი არ აქვს და სწორედ, ამიტომ არაა დაინტერესებული რეალური  სიების შეადგინოს. ჩვენ არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მიცვალებულებმა მისცენ ხმა უბნებზე, ამიტომ ეს ჩანაფიქრი ჩაეშლებათ.  ეს ის სიებია, რომელიც 2012-13 და 14 წლებში იყო. არანაირი ცვლილება მათში არ არის. “ –  აცხადებს „ ნაციონალური მოძრაობის“ წალკის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე ემზარ დიმიტრაძე.

გურამ კახაძე

„ქვემო ქართლის საინფორმაციო პორტალი – KKPRESS.GE”

გაზეთი „ ქვემო ქართლი” (გამოდის ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე)

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east