უფრო მეტი ქალი პოლიტიკაში! ანუ პარტიების საარჩევნო სიები გენდერულ ჭრილში

 

 მას შემდეგ,  რაც  2015 წლის 2 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას გენდერული კვოტირების შესახებ, სლოგანი ,,მეტი ქალი პოლიტიკაში“ მხოლოდ პარტიების კეთილი ნების იმედადღა დარჩა.

დღესდღეობით, საკანონმდებლო ორგანოში გენდერული ბალანსის თვალსაზრისით, 185-ე ქვეყნიდან საქართველო 115-ე ადგილს იკავებს.  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ქალებმა მანდატების მხოლოდ 12% მოიპოვეს. ეს კი  ნიშნავს იმას, რომ ქალები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი არიან (52%),   2012 წლის მოწვევის პარლამენტში მხოლოდ 18 ხმით იყვნენ წარმოდგენილნი.

1

ზემოთაღნიშნული უარყოფილი წინადადება, პარტიულ სიებში 50%-იან გენდერულ კვოტირებას გულისხმობდა, რაც საქართველოს პარლამენტში ქალთა მინიმუმ 25%-იან წარმომადგენლობას უზრუნველყოფდა.  ირიბად, მაშინ  პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის კომიტეტის 2014 წლის რეკომენდაციები არ გაითვალისწინა, რომელიც  მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას,  სპეციალური ზომების მიღებას ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდისათვის. არ გაითვალისწინა ხალხის ნებაც  – 2014 წლის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევამ გამოავლინა, რომ საქართველოს მოსახლეობის 68% მხარს უჭერს გენდერულ კვოტირებას და სურს, იხილოს მეტი ქალი ქართულ პოლიტიკაში.

კვოტებზე უარის თქმამ პარტიები ვალდებულებებისგან გაათავისუფლა. სამაგიეროდ, 30% ფინანსურ წახალისებას მიიღებენ ის პარტიები, რომლებმაც პარტიის ყოველ ათეულში 30% განსხვავებული სქესის ნომინირებას მოახდენენ.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიების მიერ წარდგენილი სიების პირველ ათეულებში  30%-იანი ბალანსი მეტ–ნაკლებად დაცულია.

მმართველი პარტიის,  ,,ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ პირველ ათეულში ოთხი ქალბატონია.  სიის მე–4 ნომერი იურისტი თამარ ჩუგოშვილია, მე–7 თამარ ხულორდავა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა ევროკავშირის წარმომადგენლობაში კანონის უზენაესობის პროგრამების მენეჯერად.  მე–9   პრესათან და საზოგადოებასთან ურთერთობის მენჯერი სოფო ქაცარავა და მე–10 ნომერი ინტელექტუალთა კლუბის კაპიტანი ირინა ფორუიძე.

,,ნაციონალური მოძრაობის“ სის პირველ ათეულში სამი ქალბატონია. თავდაპირველად, სიის მეორე ნომერი პოლიტოლოგი ელენე ხოშტარია გახლდათ, თუმცა, ცოტა მოგვიანებით, მან სიაში მესამე პოზიციაზე  გადაიწია მიხეილ სააკაშვილის მეუღლის   სანდრა რულოვსის ჩასმის შემდეგ. ნაციონალების ათეულში კიდევ ერთი ქალბატონია, სიის მე–8 ნომერია,  იურისტი და პოლიტიკოსი, გამოცდილი პარლამენტარი სალომე სამადაშვილი.

,,რესპუბლიკურ პარტიის“ ლიდერი ქალბატონიები სიის ათეულში საპატიო ადგილებს იკავებენ.  პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე –მე–2 ადგილი, მე–4 – თინა ხიდაშელი, მე–6– თამარ კორძაია, მე–8 თინათინ ხიდაშელი.  ყველა რესპუბლიკელი ქალი კანდიდატი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია, ფაქტობრივად, ,,რესპუბლიკელები“ ერთადერთ პარტიად შეიძლება, ჩაითვალოს, ვისაც  ქალების მოძიება გენდერული ბალანსის დაცვისთვის არ დასჭირდებოდა.

ქალბატონიები ჰყავს სათავეში ,,ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობისა“  და ,,პატრიოტთა ალიანსის“  პროპორციულ სიებს.  ნინო ბურჯანაძის პარტიის ათეულში მის გარდა, კიდევ ორი ქალბატონია – 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში ცესკო-ს თავმჯდომარე ნანა დევდარიანი და მანანა სალუქვაძე.

,,რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსის“ სიას, ათეულში სამი ქალბატონია, მათ სიას „რაინდული  სიაც“ შეიძლება ვუწოდოთ, რადგან  პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე ირმა ინაშვილი, ადა მარშანია და ნატო ჩხეიძეა არიან. ქალბატონებს მოჰყვებიან ბატონები.

თავისუფალი დემოკრატების სიაც 30% იანი გენდერული ბალანსით არის წარმოდგენილი : ნინო გოგუაძე, თამარ კეკენაძე და მაია ფანჯიკიძე, სიის მე–3, მე –7 და მე–9 ნომრად არიან.

ბლოკის ,,პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისათვის“ საარჩევნო სიის პირველი ათეული 100%–ით არღვევს გენდერულ ბალანსს – არცერთი ქალი ათეულში.

რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს – 73 მაჟორიტარულ ოლქში  სხვადასხვა პარტიიდან 300–მდე  კანდიდატია წარდგენილი, მათგან მხოლოდ 11%–ია ქალი.

ქალთა მონაწილეობა წარმომადგენლობით ორგანოში არის გენდერული თანასწორობის  ერთ–ერთი მთავარი ინდიკატორი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები 2012 წლის მაჩვნებელს პროცენტულად გაზრდის.

მაკა ჩინიჯიშვილი

P.S.

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.



კომენტარები სტატიაზე

არჩევნები 2016




დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east