ვინ მოირგებს ნდობის მანდატს თეთრიწყაროში?!

რიგით მე–9 მოწვევის საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. საარჩევნო მარათონში სულ უფრო მეტი პარტიები ერთვებიან. თანდათან მატულობს და უფრო მიმზიდველი ხდება წინასაარჩევნო დაპირებებიც.

თეთრიწყაროს #32 საარჩევნო ოლქში ექვსი კანდიდატი დარეგისტრირდა, მათ შორის ერთი ქალია. დამოუკიდებელი  დეპუტატობის კანდიდატი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში თეთრიწყაროდან წარმოდგენილი არ არის.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ასე გამოიყურება:  პარტია“ქართული ოცნება“ – გოდერძი ჩანქსელიანი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- ნუგზარ წიკლაური; „თავისუფალი დემოკრატები“ – ვაჟა ბექაური; პაატა ბურჭულაძე „სახელმწიფო ხალხისათვის“ – ალექსი ნონიაძე ; „პატრიოტთა ალიანსი  დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი“- მამუკა არეშიძე; „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“- ნუნუ ნათობიძე.

axali

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, ნუგზარ წიკლაურის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი მკვიდრი არ არის, მუნიციპალიტეტის პრობლემებს კარგად იცნობს.

„შემოვიარე თეთრიწყაროს თითქმის ყველა სოფელი და ვიცნობ რაიონის პრობლემებს, რომლებიც შეიძლება გეოგრაფიის მიხედვით დაიყოს. ე.წ. დაბალი ზონის სოფლებში (კოდა, ერტისი, ვაშლოვანი, ღოუბანი) მწვავედ დგას სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემა.

ცალკე განხილვის საგანია, წყნეთისა და ორბეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა, რომელიც ჩამონგრეულია და ხელისუფლების უუნარობის გამო, წელიწადზე მეტია არ ფუნქციონირებს. წარმოიდგინეთ, რომ თბილისზე მიბმული მთელი რიგი სოფლები მოიქცა იზოლაციაში.

მოსახლეობას ძალიან აწუხებს მიწის ნაკვეთების ლეგალიზაციის საკითხები. გულდასაწყვეტია, სკოლების სავალალო მდგომარეობა. მაგალითად, სოფელ ენაგეთში მდებარეობს მე-19 საუკუნეში აგებული სკოლა, რომელშიც შესანიშნავი მასწავლებლები მოღვაწეობენ და უნიჭიერესი მოსწავლეები სწავლობენ, თუმცა სკოლის შენობა ავარიულია,“-აცხადებს წიკლაური.

ლოკალური პრობლემების მოგვარების გარდა, წიკლაური ამომრჩეველს გრანდიოზული გეგმების განხორციელებასაც ჰპირდება: „ გავუკეთებთ რესტავრაციას სამშვილდის ციხე-ქალაქს, რითაც საქართველოს რუკაზე ახალი ტურისტული ცენტრი გაჩნდება. მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა სამშვილდის კანიონზე ისე, როგორც ეს მარტვილის კანიონზე გავაკეთეთ. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, ახლო მდებარე სოფლებში ხალხს დამატებითი შემოსავალი გაუჩნდება. გარდა ამისა, ჩვენ მოვახდენთ სოფელ ასურეთის გერმანული სახლების სიღნაღის მსგავსად რესტავრაციას. ამაში არამარტო ჩვენ, არამედ გერმანული მხარეც არის დაინტერესებული“, – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი.

პარტია – „პატრიოტთა ალიანსმა“ თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად  „ქართული ოცნებიდან“ „პორტირებული“ მამუკა არეშიძე დაასახელა. არეშიძე 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ რიგებიდან იყრიდა კენჭს.

„მე ვარ  პარტია „ქართულ ოცნების“ დამფუძნებელი. 2012 წელს, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს ვიყრიდი გარდაბნის რაიონში, თუმცა მაშინ, საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მივიღე. მას შემდეგ, გარდაბნელებთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია.  “ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთანაც მქონდა შეხვედრები, ვერ შევთანხმდით ჩემი მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად დაყენების თაობაზე. რადგანაც „პატრიოტთა ალიანსის“იდეოლოგია ჩემთვის უფრო მისაღები იყო და ამასთანავე, კარგი ურთიერთობა მაქვს ირმა ინაშვილთან, მის შეთავაზებას დავთანხმდი.

თეთრიწყაროს მოსახლეობის პრობლემები საქართველოს მოსახლეობის ანალოგიურია: უმუშევრობა; სოციალურად დაუცველი ფენების არსებობა;ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობა. ამხელა რაიონია და აქაურ მოსახლეობას არ აქვს საშუალება ადგილზე ჩაიტაროს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. პრობლემა ბევრია: სკოლების რემონტი, საბავშვო ბაღებისა და საწარმოების მდგომარეობა… ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ასეთი რესურსის მქონე რაიონში, განვითარებული არ არის ტურიზმი. სულ 3 მილიონი ლარია საჭირო იმისათვის, რომ ბოლოს და ბოლოს რაიონში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდეს. ასეთი პრობლემების მოგვარების გამოცდილება მაქვს, რადგან ვიყავი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი,“- აცხადებს მამუკა არეშიძე.

პარტია „ქართული ოცნების“კანდიდატი გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროელი არ არის. იგი აფხაზეთში დაიბადა და გაიზარდა. პოლიტიკაში კი ბიზნესიდან მოვიდა. ჩანქსელიანის მთავარი მესიჯი ამომრჩევლებთან  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაა.

„დღეისათვის უკვე გაკეთებულია დაბა მანგლისში გაზიფიკაციის პროექტი. სამუშაოების ჩასატარებლად გამოიყოფა მინიმუმ 100 მილიონი ლარი. რაიონში უკვე გახარჯულია 2 მილიონი ლარი. მიმდინარეობს წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოგვარება. ხანგრძლივი პერიოდი ვიყავი ხელმძღვანელ თანამდებობაზე, ბიზნესში საქმიანობის დროს გავხდი კარგი მენეჯერი, მაქვს ორგანიზატორული ნიჭი და გამოცდილება.

თეთრიწყაროს რაიონის საკეთილდღეოდ, მოვიზიდავ ბიუჯეტიდან თანხებს. ამასთანავე, თვალყურს ვადევნებ, რომ თანხების ხარჯვა მოხდეს მიზნობრივად.  ხელს შევუწყობ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას“, – აცხადებს ჩანქსელიანი.

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში ხშირად არის საუბრები გენდერული თანასწორობის შესახებ, თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში, ქალი კანდიდატი მხოლოდ „ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიულმა მოძრაობამ“ დაასახელა – ნუნუ ნათობიძე.

ადგილობრივი მცხოვრებია, „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი – ვაჟა ბექაური. ის მუნიციპალიტეტის წინსვლის პერსპექტივას სოფლის მეურნეობის განვითარებაში ხედავს;

პარტიიდან „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე ნონიაძეა.

„განათლებით ინჟინერ-ეკონომისტი ვარ. ვფიქრობ, კარგი საქმეების კეთება შემიძლია. დღეს პრობლემებზე გვერდიდან ყურება არასწორი იქნება. ამიტომ გადავწყვიტე აქტიურად ჩავება პოლიტიკაში. დეპუტატობის შემთხვევაში, მოსახლეობის ინტერესთა დამცველი ვიქნები. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გაძლევს ამომრჩეველი ხმას და  ნდობის მანდატს, რომ საქმე აკეთო და პრობლემა მოაგვარო. მთავარია კომუნიკაცია მოსახლეობასა და ხელისუფლებასთან.

ფერმერებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს დავაკავშირებ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც დაეხმარებიან ბიზნესგეგმების შემუშავებასა და დოკუმენტაციის მოწესრიგებაში. ამასთანავე, ყურადღება უნდა მიექცეს პროდუქციის გასაღების ბაზრებს, რათა ფერმერმა საკუთარი პროდუქცია დაუბრკოლებლად გაასაღოს. ჩემთვის მთავარი და პრიორიტეტულია, მოსახლეობას პრობლემები მოვუგვარო. თუ გავიმარჯვე, მიცემულ პირობას აუცილებლად შევასრულებ!. ვიქნები აქტიური კომუნიკაციაში, თვეში ერთხელ შეძლებისდაგვარად შევხვდები სოფლის მოსახლეობას. გავეცნობი მათ პრობლემებს და შევეცდები მოგვარებას,“- აცხადებს ალექსანდრე ნონიაძე.

რამდენად სწორად აქვთ საკუთარი როლი და ფუნქცია გააზრებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდადებს და რამდენად რეალისტურია მათი წინააარჩევნო დაპირებები, შეფასება ევროპის საბჭოს ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში, დავით ლოსაბერიძეს ვთხოვეთ. „საზოგადოებაში არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ დეპუტატები, განსაკუთრებით კი მაჟორიტარები, უნდა ზრუნავდნენ მუნიციპალიტეტზე. კანდიდატები, მაჟორიტარული და პროპორციული სიითაც იცავენ საკანონმდებლო საქმიანობის ინტერესებს, შესაბამისი სტრუქტურების პორტირებას უწყობენ ხელს. შეიძლება თვითონაც არ იციან, რომ ყველაზე მთავარი საქართველოში არც პრემიერია, არც პრეზიდენტი, მთავარია პარლამენტი!!. თუ დეპუტატი მეტყვის : „სამსახურს მოგცემ“, „ბიუჯეტს განვკარგავ“, ან „გზას დავაგებ“ –  ეს არის დარღვევა. შეიძლება თქვას, რომ „მე შევიმუშავებ პროგრამას“, „დავავალდებულებ პრემიერს“ , ან „განვახორციელებ მონიტორინგს“… მაგრამ იმის თქმა, რომ  „მე გავაკეთებ ამ საქმეს“ –  არის ტყუილი“, – განმარტავს ექსპერტი.

 ნინო ბექაური

დიდგორელები       

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east