ამომრჩეველთა სიები შესაძლოა კვლავ არჩევნების მთავარ პრობლემად იქცეს

2016 წლის 8 სექტემბერს უკვე ცნობილი გახდა ამომრჩეველთა ერთიანი სია.  ცესკო-ს ინფორმაციით, თეთრიწყაროს #32-ე მაჟორიტარულ ოლქში სულ 42 244 ამომრჩეველია დარეგისტრირებული. წლების განმავშლობაში ამომრჩეველთა  სია, როგორც ამომრჩევლების, ასევე ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილების საგანია.

საარჩევნო სიასთან დაკავშირებით უკმაყოფილებასა და პროტესტს გამოთქვამს „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი  ნუნუ ნათობიძე – „ძალიან ბევრი უზუსტობებია საარჩევნო სიებში. არიან გარდაცვლილები, საზვღვარგარეთ წასულები, ადგილმონაცვლე პირები, ადამიანები, რომლებიც არავინ იცის ამჟამად სად ცხოვრობენ. დაუზუსტებელ  სიებს თავისთავად ბევრი პრობლემა მოყვება, რომელსაც ყოველთვის იყენებდა ხელისუფლება. ჩვენ არ დაუშვებთ ვინმემ რაიმე მანიპულაციას მიმართოს და ხმების გაყალბებაზე იფიქროს“.

img_0534-1

ნუნუ ნათობაძე, თქმით, გარდაცვლილები და ადგილმონაცვლე პირები სიებში მრავლადაა  –  „რომელი ერთი ჩამოვთვალო?  უამრავი ფაქტის ჩამოთვლა შემიძლია. ერთ–ერთს გეტყვით,  დიდგორის ქ. N29-ში (ყოფილი აბანოს ქუჩა)  10-15 წლის წინ ცხოვრობდა იგორი ხაჩატურიანი თავის ოჯახით, რომელიც წლების წინ, საცხოვრებლად სომხეთში წავიდა, იქვე გარდაიცვალა  და თეთრიწყაროში ჩამოასვენეს, მის  დაკრძალვას, ალბათ, მთელი ქალაქი დაესწრო, თუმცა თეთრიწყაროს #32 მაჟორიტარული ოლქის N3 უბანზე ამომრჩეველთა სიაშია“.

 #32 მაჟორიტარული ოლქის N1უბანზე მისულებს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ია ასპანიძე დაგვხდა, რომელმაც ჩვენთან საუბრში განმარტა:

„გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, ვარიგებდით საარჩევნო მოსაწვევ ბარათებს,  მოსაწვევების დარიგებისას,  გამოვლინდა გარდაცვლილი პირების სიაში არსებობა, ისეთი პირები, რომლებიც წლების მანძილზე აქ არ ცხოვრობენ, ზოგიერთ ოჯახში, სადაც მოსაწვევი უნდა მიგვეტანა, სახლი გაყიდულია და ამ მისამართზე სხვა ოჯახები ცხოვრობენ, ასეთი არაერთი ფაქტი დაფიქსირდა. შეგროვილ ინფორმაციებს საოლქოში მივიტანთ და ალბათ, ცესკო შესწორებებს შეიტანს“

N1 უბანზე ამომრჩეველთა სიაში არიან, გარისის N48-ში მცხოვრები ელენა სავიდი და ტოლიკ ტოლმაჩევი, აღნიშნულ მისამართზე მისულებს, დაგვხვდა ეთერ ბექაური, რომელმაც განაცხადა: „10 წელია რაც ეს სახლი შევიძინე, თუმცა გაფორმება ვერ მოვახერხე, ვინაიდან სახლის მეპატრონე ტოლიკ ტოლმაჩევი საბერძნეთში იმყოფებოდა და წლების წინ გარდაიცვალა“

ტოლიკ ტოლმაჩევის  გარდაცვალებას ადასტურებს ეთერი ბექაურის მეზობელი,  ვენერა ბეჟუაშვილიც, რომელიც  ამბობს, რომ მის ქუჩაზე ბევრია ისეთი ამომრჩეველი, რომელთა სახელი და გვარი არც კი გაუგია.

„ 25 წელია ამ ქუჩაზე ვცხოვრობ, ტოლიკ ტოლმაჩევი როდის გარდაიცვალა არც კი მახსოვს, მაგ სიაში არიან პიროვნებები, რომლებსაც საერთოდ არც კი ვიცნობ.“

N1 უბნის ამომრჩეველი ანტონინა კარაილანოვი, რომელიც ვაჟა-ფშაველას N2-შია რეგისტრირებული, წლებია საბერძნეთში იმყოფება, ადგილზე მისულებს სახლის ახალი მეპატრონე თინათინ ზუკაკიშვილი დაგვხვდა.

„2007 წელს შევიძინე ეს ბინა, თუმცა არჩევნებზე მოსაწვევი ბარათი ანტონინა კარაილანოვს მოუვიდა, მე ვიცი, რომ ის საბერძნეთში იმყოფებოდა და დიდი ხნის გარდაცვლილია“.

აღნიშნულ თემაზე  კომენტარი ვთხოვეთ ცესკო-ს სპიკერს ანა მიქელაძეს:

„საზღვარგარეთ მყოფი პიროვნების სიიდან ამოღება შეუძლებელია. საქართველოს მოქალაქე, რომელიც გავიდა საზღვარგარეთ, ისევ საქართველოს მოქალაქეა, ამიტომ აუცილებლად უნდა ფიქსირდებოდეს ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

პიროვნება, რომელიც იმყოფებოდა საზღვარგარეთ და გარდაიცვალა, თუ შესაბამის უწყებებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება ოფიციალურად არ მოხდა, თავისთავად ვერ შევიტანთ სიაში ცვლილებას. ხოლო ადამიანი, რომელიც რეგისტრირებულია ერთ ადგილას, თუმცა ცხოვრობს სხვაგან, თუ რეგისტრაცია არ შეიცვალა, ჩვენ ვერც ასეთ შემთხვევაში მოვახდენთ ამომრჩეველთა სიის კორექტირებას,“- აღნიშნა ანა მიქელაძემ.

ნინო ბექაური

გაზეთი “დიდგორელები”

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში.Logo

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.



კომენტარები სტატიაზე


დონორები და პარტნიორები

logo-sf logo-polonetis-daxmareba logo-rita logo-icfj logo-dc-east